ჟოზეფ ბორელი: ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს
დღეს დაიწყო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი. პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ მან ჟოზეფ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი როგორც პრაქტიკული, ისე დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გასწია. . . ვფიქრობ, მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება. . . მინდა ზოგადად ვთქვა, რომ ეს 12 რეკომენდაცია არის ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად იმყოფება ხელისუფლება, მმართველი გუნდი. გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რადგან ეს, პირველ რიგში, ემსახურება მთავარ მიზანს – უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ და უკეთეს გარემოში იცხოვროს ჩვენმა ხალხმა“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში ჟოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა პარტიული ფრაქციისა და ჯგუფის წარმომადგენელს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ისაუბრეს რეგიონში არსებულ სიტუაციასა და ევროპულ პერსპექტივაზე.
„საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ასევე, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. მთავარი საკითხი იყო კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა. . . ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა – ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და განცხადებები გააკეთეს.
„ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას და გადავეცი ჩვენი მთავრობის პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ იდეალურები ვართ. არცერთი ქვეყანა და მთავრობა არაა იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, საჭიროა მუდმივი ჩართულობა. რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ევროკომისიასთან. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში – მმართველმა პარტიამ, ხელისუფლებამ, პრეზიდენტმაც, ოპოზიციამაც უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ერთადერთი სწორი ისტორიული პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„3 ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართველ ხალხთან. პირველი გზავნილი – უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი. როდესაც ქვეყანაში ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ასეთი ძლიერი სულისკვეთება – 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას. ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია. მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოში, უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.