ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს, 15 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ყველას მიულოცა ეს დღე და სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრა. „დღეს დაიწყო ოფიციალურად უკვე სწავლა და მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა, ასევე, ისაუბრა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამაზე.
„აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ასეულობით სკოლის, 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას და რომელიც უკვე დაწყებულია. დაკონტრაქტებულია და რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი დაწყებულია, როგორც აღვნიშნეთ. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება. ასევე, ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია. ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა:
„მინდა, ეს მნიშვნელოვანი დღე განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ. ყველა პირველკლასელს სკოლაში საინტერესო, დაუვიწყარი და თავგადასავლებით სავსე წლების გატარებას ვუსურვებ. პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სკოლებში უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემო და თითოეულმა მოსწავლემ, ცოდნასთან ერთად, მიიღოს ღირებული ცხოვრებისეული გამოცდილება.
მე და ჩემმა გუნდმა ზოგადი განათლების განვითარების კუთხით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, სწორედ, სკოლების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათ შორის, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობა,
მასწავლებლების მხარდაჭერა და მათი დაფასება წარმოადგენს. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას დავძლევთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს საგანმანათლებლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, სადაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების მიღებას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.