სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ
ამ ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სტატუსი 30 ათასამდე სტუდენტს აქვს შეჩერებული, რომელთა დავალიანება ჯამში 40 მლნ ლარს შეადგენს.
„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით, 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ სწავლის გაგრძელების საშუალება“, – განაცხადა პრემიერმა.