კინოფესტივალი „ბიაფი“ გაიხსნა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი „ბიაფი“ 17 სექტემბერს ბათუმელი რეჟისორის ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმით „ლოტო“ გაიხსნა. საკონკურსო ფილმების ჩვენება 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფილმებს ხუთწევრიანი საერთაშორისო ჟიური გიორგი ოვაშვილის ხელმძღვანელობით შეაფასებს. ჩვენებები კინოთეატრ „აპოლოში“, ასევე, ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.
რიგით მეთვრამეტე ფესტივალი კინომოყვარულების წინაშე წელსაც მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგება. საპრემიერო ჩვენებეზე 25 სრულმეტრაჟიანი და ამდენივე მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან იქნება ნაჩვენები. იმუშავებს დოკუმენტური ფილმების სექციაც.
– ჩვენი ფესტივალი ზაზა ხალვაშის ფილმის „ლოტოს“ ჩვენებით გაიხსნა, რაც ძალიან სასიხარულოა. მოგეხსენებათ, ამ ფილმის პრემიერა წელს როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მრავალფეროვანი პროგრამა გვქონოდა როგორც საკონკურსო, ასევე, არასაკონკურსო სექციებში. 18 სექტემბრიდან ჩვენებები კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ უკვე მე-2 წელია, რაც „სინედოკ თბილისის“ ფესტივალთან ვთანამშრომლობთ, ისინი თავიანთი დოკუმენტური ფილმების პროგრამას ჩვენი ფესტივალის ფარგლებში წარმოადგენენ. ამათგან უმეტესობა ახალი ქართული დოკუმენტური ფილმია. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას ხუთკაციანი ჟიური შეაფასებს: გიორგი ოვაშვილი (საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ანჟეი სლოვიცკი (გერმანია), მეჰმეტ ალი არსლან (თურქეთი), დიანა მარტიროსიანი (სომხეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო). ამ სექციაში ათი ფილმი იქნება წარმოდგენილი. დახურვის ცერემონიაზე რამდენიმე ადამიანს გადავცემთ სპეციალურ პრიზებს, ამას მაყურებელი სულ მალე გაიგებს, – გვითხრა საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.
ფესტივალის გახსნამ კინოთეატრ „აპოლოში“ სრული ანშლაგით ჩაიარა. ზაზა ხალვაშის ფილმი „ლოტო“ ხანგრძლივი აპლოდისმენტის ფონზე დასრულდა.
კომენტარი ვთხოვეთ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს, დრამისა და კინოს მსახიობს, საპატიო ბათუმელ თამილა მეიშვილს, რომელიც ზაზა ხალვაშის ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს.
– დაბადების დღე მქონდა, 75 წელი შევასრულე, და მკითხეს – რას ისურვებდიო. რადგან თეატრში აღარ ვარ, ფილმში ერთ როლს სიამოვნებით ვითამაშებდი-მეთქი, ვუპასუხე. მეორე დღეს ზაზა მხვდება და მეუბნება, რომ ჩემთვის მის ფილმში როლი ჰქონდა. ნამდვილად არ ველოდი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ერთგვარი ოცნების ასრულება იყო ჩემთვის. როცა ფილმის გადაღებები დაიწყო, იმდენად ნაცნობი და ახლობელი ხალხი შევიკრიბეთ, ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ ერთ ფილმად მხოლოდ იქ მუშაობა ღირდა. იყვნენ პროფესიონალი და მოყვარული მსახიობები, რომლებმაც ისე გაითავისეს როლები, მგონი, პროფესიონალებს გვაჯობეს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს ფესტივალი ტარდება და ჩვენც ვმონაწილეობთ. მთელ ქალაქს და საქართველოს დააკლდა შესანიშნვი რეჟისორი ზაზას სახით. სამწუხაროდ, ჩვენ ასე ვიცით, როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი სიკვდილის შემდეგ უფრო ბევრს ვლაპარაკობთ მასზე, ვიდრე მის სიცოცხლეში. არასოდეს დამავიწყდება ის პატივისცემა და დამოკიდებულება, რომელიც ზაზას ჩემ მიმართ ჰქონდა. მისი ხმამაღალი ტონიც კი არ მახსოვს, შენიშვნასაც მოფერებით გეტყოდა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ზაზას ოჯახს, მის მეუღლეს, რომელიც სამივე ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ამ ამბავში იყო ჩართული – ერთგვარი, პატარა კინოსტუდია შექმნეს და ზაზას დაწყებული ფილმი ბოლომდე მიიყვანეს. როცა ერთობლივი გუნდი იკვრება, საქმეც კარგად მიდის და ზაზას ამაში გაუმართლა. ამ ფილმში რომც არ ვყოფილიყავი, ფესტივალზე მაინც მოვიდოდი და მაინც დავუკრავდი ტაშს რეჟსორს, რომელიც ძალიან მიყვარს! – გვითხრა თამილა მეიშვილმა.

