„მზის ხილვა“ – პერსონალური გამოფენა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ბათუმელი ახალგაზრდა მხატვრის მიქაელ მახარაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა სახელწოდებით „მზის ხილვა“ გაიხსნა, რომელიც 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
– მიმართულება შინაარსობრივად სიმბოლიზმია, თუმცა ვიზუალური თხრობის სტილით ახლოსაა სიურეალიზმთან. ყველა ნამუშევარი შესრულებულია ტილოზე, აკრილით. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს სხვადასხვა სათქმელი და სამსჯელო თემა გააჩნია, თუმცა მათ მაინც აერთიანებს ჭეშმარიტების ძიების გზა, სამყაროსთან ურთიერთმიმართება და მისი მასშტაბურობის ფონზე ადამიანური ყოფიერების მნიშვნელობისა თუ უძლურების დანახვა. ყველა ნამუშევარში იკვეთება ეგზისტენციალური ძიება, სასრული არსების თვალით დანახული სამყარო, მისი უსასრულობის მითოლოგიური აღქმა და საკუთარი არსებობის მოსაზრება მის შიგნით. იკვეთება, ასევე, აბსურდის პრობლემაც და ჩანს მასთან გამკლავების ყოფიერი მცდელობა, რაც ხანდახან ფატალური უგუნურებით სრულდება. მხატვრული სახეები ჰიპერბოლიზებულია და ხშირად უტრირებული, ნამუშევარში წარმოდგენილი სიუჟეტები კომპოზიციურად ისეა განლაგებული, თითქოს ეს ფანჯარა კი არაა, საიდანაც სცენას ვხედავთ, არამედ ვაკვირდებით მიღმიერ სამყაროს, როგორც გარე დამკვირვებელი, ნამუშევრებში არსებული სამყარო კი ერთიანია და ერთმანეთში გადადის სიმბოლოებითა და ფიგურებით. თუმცა სიმბოლო კონტექსტის მიხედვით მეტყველებს და უფრო მეტად სიმულაკრია, რადგან ერთი და იგივე გამოსახულება სხვადასხვა ნახატზე საერთო სცენიდან გამომდინარე იღებს სიმბოლურ მნიშვნელობას და ანაცვლებს მას. შეინიშნება ასევე, არქაული მოტივები, ტომური ყოფა, კოლექტიური ცნობიერება და ინდივიდის კონფლიქტი. დიდი დატვირთვა აქვს სინათლეს, როგორც გამომსახველობით ექსპრესიულ საშუალებას. ნამუშევრებში ჩანს, რომ მიუხედავად კომუნიკაციის სირთულისა, აბსურდის, ეგზისტენციალური კრიზისისა და ილუზიისა, ადამიანს აქვს ნების სინათლე და იმედი, რომელიც თითქოს უხილავად და პერსონაჟებისგან დაფარულად ყველაფრის მომცველია, უბრალოდ, ხანდახან საჭიროა საკუთარი თავიდან გასვლა, რომ ეს ვიხილოთ. სათაურიც „მზის ხილვა“ ორაზროვანია, ერთი მნიშვნელობით, რომ მე ვიხილე, დავინახე მზე და მისი სინათლე, ან დამიდგა წამიერი გასხივოსნება, ხოლო მეორე ინტერპრეტაციით, ეს, უბრალოდ, მზისგან გამოწვეული მირაჟი, ხილვა, ილუზია და სიზმარია. მადლობა ყველას, ვინც მოვიდა ან ვერ მოვიდა და შორიდან მგულშემატკივრობდა, – გვითხრა მიქაელ მახარაძემ.

