პრემიერი შარლ მიშელს და დერეკ შოლეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„მივესალმები ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ დღევანდელ განცხადებას. კიდევ ერთხელ გავიმეორე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს წევრობის პერსპექტივისადმი. ახლა დროა, კონკრეტულად შესრულდეს საჭირო პრიორიტეტები კანდიდატის სტატუსის განსაბლოკად“, – წერს შარლ მიშელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება:
„გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება”,- აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველ დერეკ შოლეს შეხვდა. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე – ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით, არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომსა და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე.
შეხვედრას შოლე ტვიტერზე გამოეხმაურა:
„გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ვისაუბრეთ დემოკრატიის მომავალზე საქართველოში და ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე. შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ხალხის აშკარა ევროატლანტიკურ სურვილებს“, – წერს დერეკ შოლე.

