სუს-ის განცხადების შეფასებები
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, მათი საბოლოო მიზანი კი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა. სუს-ის ამ განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „2021 წელს ბიძინაობაზე, უკრაინიდან გამოგზავნილი პოლიტიკური ჯართი როგორ ოსტატურადაც ჩააბარა ხელისუფლებამ მიმღებ პუნქტში, იგივე მოხდება ახლაც, რევანში ვერ შედგება. ქართველი და უკრაინელი მაღალჩინოსნების ოპერაცია ამჯერადაც განწირულია სასტიკი მარცხისთვის. ხალხი ბრძენია და ამჯერადაც სწორ დასკვნას გააკეთებს“.
მისივე თქმით, 2024 წლის არჩევნებზე, „ნაცმოძრაობის“ ვერცერთი სატელიტი, ბარიერს ვერ გადალახავს. „ამას მოწმობს ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვები და ხალხის განწყობა, რომლის თანახმადაც, რადიკალურ ოპოზიციას თეორიული შანსიც კი არ გააჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დაამარცხოს. ამიტომ, გარდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისა, სხვა არჩევანი არ დარჩენიათ. ევროკავშირთან ურთიერთობა ძალზე სენსიტიური თემაა ქართველი ხალხისთვის. როგორც ჩანს, ბევრი მუშაობს იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. გვახსოვს, პოდოლიაკის განცხადება, რომ საქართველოს არანაირი შანსი არ გააჩნია კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ეს იყო წყლის ამღვრევის უკანასკნელი შესაძლებლობა“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა.
ლადო მგალობლიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ნაციონალები“ 2024 წლის არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გიორგი კირთაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა: „ჯობია, დავით ბაციკაძე, დავით გაბაიძე, არჩილ ჩიქოვანი, რამაზ ჯინჟარაძე ბათუმის ქუჩებში გავიდნენ და ნახავენ, ვინ ვერ გადალახავს ბარიერს“. რაც შეეხება სუს-ის განცხადებას, გიორგი კირთაძე აღნიშნავს რომ მთავრობას ამით ორი კურდღლის დაჭერა სურს. „სუს-ი ამ გაცხადებით ახალს არაფერს ამბობს. ყველა არჩევნების დროს გვესმის მსგავსი რიტორიკა. გადატრიალებას გვაბრალებენ, გვაშინებენ, რომ ომი დაიწყება, იწყება მასშტაბური დაჭერები. ახლა, უბრალოდ, ორი კურდღლის დაჭერა სურთ. ამით უნდათ, ოთარ ფარცხალაძის თემის გადაფარვა. ქვეყანაში, ბიძინას შემდეგ გავლენით მეორე პირი -ს აგენტი აღმოჩნდა. ამას გარდა, ფარავენ კახი კალაძის და ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს სამთავრობო რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. ხალხი ბრძენია და მიხვდება რა მიზანს ემსახურება მათი განცხადება,- გვითხრა გიორგი კირთაძემ.

