მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს
21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს საქართველოს ყველა ტაძარში წირვა აღევლინება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ღამისთევით შესრულდა ღვთისმსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში.
საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა – იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა ანა, პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ ღმერთი შვილს მისცემდა, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ.
შობა ყოვლადწმიდა ქალწულისა მარიამისა, ვინც თავისი უმანკო სხეულით განკაცებული უფალი იტვირთა, ქრისტიანთა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ღვთისმშობელმა თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაამეტა, ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა, როგორც მას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია უგალობს, გახდა „ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად“.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზეციურ იერარქიაში თვით უმაღლესი დასის ანგელოზებზე მაღლა დგას. როგორც მისდამი მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელშია, „უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებით უზესთაესი სერაფიმთა“.
დღესასწაული მართლმდადიდებლურ სამყაროში IV საუკუნიდან აღინიშნება, როგორც ქალწული მარიამის შობის ხსენების დღე.