საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია“ გაიხსნა
მანანა ძიძიშვილი 24 94 97 –
ჩვენი ქალაქი 21 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალს „ბათუმის რაფსოდია“ მასპინძლობს. ეს არის უპრეცედენტო ფორმატის ღონისძიება სახელწოდებით „ოპერის ოქროს ხმის აკადემიის კვირეული და გრანდიოზული მოსმენა“. ფესტივალის დამფუძნებელი ცნობილი საოპერო მომღერალი თამარ ივერი გახლავთ. შარშან ეს ფესტივალი სხვა ფორმატით და სახელწოდებით – „ოპერის ოქროს ხმა“ წარმატებით ჩატარდა.
ფესტივალის გახსნამდე მისმა ორგანიზატორმა სტუმარ-მასპინძლებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, პროექტის მიზანი ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებაა. განსაკუთრებულია ფესტივალის მიდგომა ახალგაზრდა, გამორჩეულად – ქართველი მუსიკოსებისადმი, მათ შესაძლებლობა ეძლევათ ადგილზე გაეცნონ პედაგოგიკის სხვადასხვა მეთოდს, გაიცნონ უდიდესი მუსიკოსები. . .
ფესტივალი წელს განსხვავებული ფორმატით ტარდება – „ოპერის ოქროს ხმის ვოკალის აკადემიის კვირეული და გრანდიოზული მოსმენა“, ანუ გავფართოვდით და დაინტერესებაც გაიზარდა, რადგან ჩამოვიდნენ თავისი საქმის უზადო პროფესიონალები, რომლებიც იშვიათად დადიან ასეთ ფესტივალებზე. გამიმართლა, რომ ამ დონის აგენტები და მომღერლები, რომლებათანაც მეგობრობის არაერთი წელი მაკავშირებს, ბათუმში ჩამოვიდნენ, რაც სხვა ქვეყნის ახალგაზრდა მომღერლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ბათუმს მოაშურეს. მოწვეული გვყავს მსოფლიოს ლეგენდარული მომღერალი რობერტო სკანდიუცი (ბანი, იტალია), ვასელინა კაზაროვა (მეცო სოპრანო, ბულგარეთი) ბოჟიდარ ნიკოლოვი (ტენორი, ბულგარეთი), რომლებიც არა მხოლოდ ცნობილი მომღერლები, არამედ, ასევე ცნობილი პედაგოგები არიან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ მათ მიერ შერჩეულ მომღერლებთან. . . ბოლოს საორკესტრო დიდი კონცერტი ჩატარდება და საქართველოში პირველად გაიმართება დამწყები ვოკალისტებისთვის ორდღიანი მასშტაბური მოსმენა (20-დან 35 წლამდე). მოსმენა საზაფხულო თეატრში 29-30 სექტემბერს გაიმართება (20-დან 35 წლამდე), დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე. დასწრება თავისუფალია. კოლონადებთან სამი ცნობილი ტენორის გალა კონცერტი ჩატარდება (უამინდობის შემთხვევაში, საზაფხულო თეატრში). ბათუმს ეწვევა ერევნის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი კონსტანტინე ორბელიანის დირიჟორობით, – აღნიშნა ქალბატონმა თამარმა.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს თამარ ივერს მოწვევისთვის და აღნიშნეს, რომ ახარებთ ბათუმში ჩამოსვლა, რადგან იციან, აქ გენიალური ხმები ელოდებათ.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის მერაბ ქიძინიძის თქმით, ეს არის ფესტივალი, რომელზეც არაჩვეულებრივი მომღერლები ჩამოდიან, მაღალი კატეგორისაა, რაც მისმა ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ შარშან დაამტკიცეს. ამიტომ ასეთ ფესტივალებს სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით.

