ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში შემდგომ ეტაპზე 2 პრეტენდენტი გადავიდა
პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ, სადაც ის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით წარდგა. გამოსვლისას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით, მინისტრმა განაცხადა, რომ პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა. მისივე თქმით, ორივე კომპანია მსოფლიოში აღიარებული და წამყვანია. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია რუსულ კომპანიას.
„რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პირობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების წარმოდგენის ეტაპი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ორი პრეტენდენტი, რომელთანაც შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში გვექნება მოლაპარაკებები, რათა მათი მხრიდან წინადადებები მივიღოთ და ამ წინადადებების კონკურენტუნარიანობაზე, ხარისხზეა დამოკიდებული, ვინ იქნება ჩვენი კერძო პარტნიორი. ამ კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. იმისთვის, რომ რუსული ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს, სხვა ქვეყნის ინტერესი, გავლენა არ დომინირებდეს, პროექტი იყოს საქართველოს ინტერესებზე მორგებული და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ინტერესები, ეს პორტიც, ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურებოდეს ჩვენი ქვეყნის, ეკონომიკის ინტერესებს, სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი და კონტროლი ასეთ მნიშვნელოვან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განსხვავებით იმ გადაწყვეტილებებისგან, რომლის მომსწრეებიც ვართ წინა წლების განმავლობაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს უფლებების შეზღუდვით და სახელმწიფოს უფლებების გარეშე ძალიან უპასუხისმგებლო კონცესიის შეთანხმებებით არის გადაცემული სხვადასხვა ქვეყნის კომპანიაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება. როცა კომერციულ და სტრატეგიულ ინტერესებზე ვსაუბრობთ, შეიძლება ორი პოლიტიკურად ძალიან მეგობარი ქვეყანა კომერციული კუთხით იყოს კონკურენტი და ერთმანეთთან ვერ ითანამშრომლოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

