ლერი აბულაძე მსოფლიოში პირველია
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბრწყინვალედ გამოვიდა ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრების წევრი, ხულოელი მოჭიდავე ლერი აბულაძე. მან ამ რამდენიმე ხნის წინ მოპოვებულ ევროპის ჩემპიონობას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი დაამატა.
ლერიმ 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა მოიგო – ჯერ თურქი, უკრაინელი და ფრანგი მეტოქეები დაამარცხა, ხოლო ფინალში აზერბაიჯანელ მურად მამადოვს სძლია და ბელგრადში საქართველოს ეროვნული ჰიმნი ააჟღერა. მძიმე იყო ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ფინალში მესამედ გავიდა და წლევანდელი წარმატებით დააგვირგვინა – ნანატრი ოქროს მედალი მოიპოვა. დიდი ხანი არ არის, რაც მან ამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა. ლერი აბულაძეს უკვე შეუძლია ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გადავიდეს და იქაც თქვას თავისი სიტყვა. მან დაამტკიცა, რომ დიდი პოტენციალისა და ნიჭის მქონე ახალგაზრდაა და ნამდვილად იმსახურებს ოლიმპიურ მედალს.
ლერი აბულაძის პირადი მწვრთნელია მამა – ავთანდილ აბულაძე, ხოლო სერიოზული შჯიბრებებისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებში ემზადება, ნაკრების მწვრთნელთან, უმაღლესი კატეგორიის არბიტრ ზაზა ჯიბლაძესთან.
ვულოცავთ ლერი აბულაძეს ამ წარმატებას და ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.

