წლის მთავარი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები
ლიტერატურული კონკურსის „საბას“2023 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.
რომანის ჟანრში წარმოდგენილი ტექსტები წელს სიუჟეტის, მხატვრული ხერხების თვალსაზრისით მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ივა ფეზუაშვილის „მასკარფონე“ და ზაზა ბურჭულაძის „ვარდის სურნელი“. პოეტურ კრებულებს შორის წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და გამარჯვებაც დაისაკუთრა ორმა კრებულმა – ნინი ელიაშვილის „სხვა სახელი მოუხდებოდა“ და დავით ქარდავას „მეორადი ჰომეროსი“. პროზაული კრებულის ნომინაციაში ლუკა ბაქანიძის „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ გახდა პირველი ადგილის მფლობელი. პიესებს შორის კი პირველობა წელს ვალერი ოთხოზორიას ნამუშევარმა „წმინდა ნაწილებია“დაისაკუთრა. უნდა ითქვას, რომ წელს ამ ჟანრში ნაწარმოებების უჩვეულო სიუხვე იყო, რაც ფრიად გასახარია დრამატურგიაში ჩვეული კრიზისის ფონზე. ლიტერატურული კრიტიკის თაროც ტრადიციულზე ბევრად დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ოთხ კრიტიკულ ნაშრომს შორის ჟიურიმ გამარჯვება ნანა აბულაძის „ორივე სქესი“ მიაკუთვნა.
დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებული შეირჩა მკითხველის ჟიურისგანაც. პირველობა წილად ხვდა გოდე გორგილაძის „რიო–დე–ჟანეიროს ხელმწიფეს“. ამავე ნომინაციაში, „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილებით, გაიმარჯვა გოგა ქობალიას ნაწარმოებმა „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“.
ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ერთგვარი ჟამთააღმწერლის, მოვლენათა შემფასებლისა და გამააზრებლის ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ეს ნომინაცია ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო და უხვია. წელს ამ ნომინაციაში გამარჯვებულია თეიმურაზ დოიაშვილის და ნათია სიხარულიძის „გალაკტიონი უცენზუროდ“.ქართველ მთარგმნელთა ხურჯინი, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევა. ჟიურიმ ჯილდო ორ მთარგმნელს მიანიჭა: დოდო ყვავილაშვილს ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციებისთვის“ და გიორგი ხულორდავას აბდ ორ–რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანისთვის“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მხარდაჭერით, ჟიურიმ წელს მესამედ გამოავლინა გამარჯვებული ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“. გამარჯვება ელზა გურგენიძის „ზაოდმას“ და ლევან ბერძენიშვილის „ 1921-1990 ერთი კაცის და ქვეყნის ამბავს“ ერგო.
წელს პირველად, სპეციალური პრიზი – თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის ლიტერატურული პრემია „საბა”- 2023 ნატა ლომოურს გადაეცა.
ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შესანიშნავ მთარგმნელს, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმოადგენელ ელზა ახვლედიანს გადაეცა.