„კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი – მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საშემოდგომო სკოლა „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი – მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“ გაიმართა.
სკოლა მოიცავს თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებასა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობას. ბსუ-ის საპატიო დოქტორი, გერმანელი ექსპერტი კურტ რაიცი, ბსუ-ის პროფესორები და ტურიზმის დარგის უცხოელი ექსპერტები მონაწილეებს ხუთი დღის განმავლობაში კულტურული და საერთაშორისო ტურიზმის აქტუალურ საკითხებს გააცნობენ. საშემოდგომო სკოლაში 40-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი მონაწილეობს.
ღონისიძიება გახსნეს ბსუ-ის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, DAADის თბილისის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა გებჰარდ როილმა, ბსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ.
„საშემოდგომო სკოლის მიზანია საზღვრისპირა გამყოფი ხაზების ირგვლივ განათლების და კულტურის მიმართულებით კავშირების დამყარება, სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების ხელშეწყობა; აკადემიური კავშირების გაღრმავება-წახალისება; ტურიზმის დარგობრივი მიმართულებით ცოდნის გაზიარება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მესამე კომპონენტი მიზნად ისახავს გაცვლითი ურთიერთობების გააქტიურებას განათლებისა და კულტურის სფეროში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს,“- ნათქვამია ბსუ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საშემოდგომო სკოლაში მონაწილეობენ მოლდოვის საერთაშორისო თავისუფალი უნივერსიტეტი, ერევნის, ბრიუსოვის, ბაქოს, გორის, ქუთაისის აკაკი წერეთლის და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტები.