აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
დარინა გაბაიძე 514 22 22 80 –
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე განცხადება გააკეთა. მან აქცენტი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიებასა და ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა, რომელიც ბათუმში 28 -29 სექტემბერს გაიმართება. ასევე, შეაჯამა საზღვაო ტურისტული სეზონი.
– აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს უპრეცედენტო რაოდენობის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, იქნება ეს ბაღი, სკოლა, კოლეჯი თუ უნივერსიტეტი. ყოველწლიურად ბათუმს, აჭარას ემატება ახალი თანამედროვე სტანდარტის საგანმანათლებლო სივრცეები და აქვე აღვნიშნავ, რომ არც ერთი სკოლის მშენებლობა არ განხორციელებულა წინა ხელისუფლების დროს ბათუმში. მიმდინარეობს 90-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. მხოლოდ 2022-2023 სასწავლო წელს 7 ახალი სკოლა შეემატა აჭარას და 15 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში უკვე ფუნქციონირებს ფიზიკა-მათემატიკის პროფილის ახალი სკოლა. განათლების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა დაიწყო. იწყება 1000 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობაა. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ასობით სტუდენტის სწავლა დაფინანსდა საზღვარგარეთ. 2023 წელს სხვადასხვა პროგრამით 400 სტუდენტს დაუფინანსდება საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ტურიზმის სფეროში ბსუ-ის 600-ზე მეტმა სტუდენტმა უკვე გაიარა პრაქტიკა გერმანიაში. 70 და 100%-იანი გრანტით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო აჭარის მთავრობისგან, რაც დამატებითი მოტივაცია იქნება მომავალი აბიტურიენტებისთვის. ასევე, ბაღების მიმართულებით გვაქვს გარდამტეხი სიახლეები. `ქართული ოცნების~ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, მხოლოდ აჭარაში აშენდა 58 ბაღი, მაშინ როცა `ნაციონალების~ დროს აჭარაში მხოლოდ 2 ბაღი აშენდა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, ბათუმის `დინამოს~ ხელშეწყობის მიზნით, ბათუმის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონით სარგებლობას გუნდი უსასყიდლოდ შეძლებს.
აჭარას წარმატებული საზღვაო ტურისტული სეზონი ჰქონდა. მუდმივად გვაქვს ვიზიტიორთა მზარდი სტატისტიკა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, აჭარის რეგიონში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება, რაც გულისხმობს, რომ 2022 წელთან შედარებით ვიზიტების რაოდენობა გაზრდილია 46.3 %-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით ვიზიტები რეგიონში გაზრდილია 20.2%-ით. ასევე, მატება გვაქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც, საერთაშორისო ფრენების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 12%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით – 6%-ით, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

