რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საკრებულოს მორიგ სხდომაზე?
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელზეც 10 საკითხი განიხილეს, ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებით დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის წევრმა რეზო ხარაზმა რეგიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ მმართველი გუნდის საუბრები „ეკონომიკის აყვავებაზე“, არის არასწორი და რეალობა ბევრად უფრო მძიმეა.
– თქვენი პრემიერი ხშირად საუბრობს წარმატებულ და განვითარებულ ეკონომიკაზე, მაგრამ სამწუხაროდ, სულ სხვა რეალობის წინაშე დგას ჩვენი რეგიონი. სტატისტიკური მონაცემებით, 145 000 სოციალურად დაუცველი გვყავს აჭარაში და აქედან 40 000 ადამიანი ცხოვრობს ბათუმში. ეს არის უმძიმესი რეალობა. აქვე, მეორე სტატისტიკას შეგახსენებთ: 2022 წელს საქართველოდან 5508 ბავშვმა შეწყვიტა სწავლა და მშობლებთან ერთად წავიდა საზღვარგარეთ. ჩვენ რაც უნდა გადაწყვეტილება მივიღოთ და მხარი დავუჭიროთ თქვენს პროექტებს, მიგვაჩნია, რომ დღეს ჩვენი მთავარი სამიზნე ევროპული მომავალია, რომელიც ივანიშვილის გარეშე უნდა მივიღოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ხელისუფლების შესაცვლელად. ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხალხთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საკრებულოში მოვიტანოთ პრობლემები, მაგრამ მმართველ გუნდს ხალხის ხმა არ ესმის. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ მათთან ერთად სხდომებზე ჯდომას,
– განაცხადა რეზო ხარაზმა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
ოპოზიციონერი კოლეგის განცხადებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სტატისტიკასთან დაკავშირებით, აბსურდული უწოდა ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ აფხაზავამ.
– რეზო ხარაზის განცხადების შემდეგ, მოვიძიე ინფორმაცია და აჭარაში არის 10 058 სოციალურად დაუცველი ოჯახი, ჯამში 42 000 ადამიანი. ჩემი პირადი აზრით, თუ შეიცვალება ამ ადამიანების აღრიცხვის წესი, გარწმუნებთ, ეს რიცხვი განახევრდება. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ არ აფიქსირებს თავის შემოსავალს, რომელიც ხშირად საკმაოდ სოლიდურია. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ამაღლდეს მოქალაქეების ცნობიერება, მათ უნდა დაიწყონ თავიანთი შემოსავლების ლეგალიზაცია. სასაცილოა რეზო ხარაზის განცხადება, რადგან მთელი მათი მუშაობა აგებულია არაკონსტიტუციურობაზე, კარგი გადაწყვეტილებების არმიღებასა და ჩაშლაზე. როდესაც შენი პარტია არ არის ორიენტირებული მოქალაქეების კეთილდღეობაზე, განცხადების გაკეთება, თითქოს ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ხალხთან, არის სასაცილო. ჩვენ ვთანამშრომლობთ საზოგადოებასთან, ვაკეთებთ ქალაქისათვის სასიკეთო საქმეებს, – განაცხადა აფხაზავამ.
სხდომის დაწყებამდე ასევე, განცხადება გააკეთა პარტია ,,საქართველოსთვის’’ წევრმა აკაკი გვიანიძემ, რომელმაც ინიაციტივა წამოაყენა, დროულად მოხდეს ბიუჯეტში იმ თანხების გათვალისწინება, რომელიც აუცილებელია სტიქიური პრობლემების მოსაგვარებლად და თავიდან ასარიდებლად. მან საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვა, მომავალ სხდომაზე დაიბარონ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, ბათუმის წყლისა და საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ მოხდეს აღნიშნული საკითხების პრევენცია.
– სტიქიურმა მოვლენებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამწუხაროდ, მასიური ხასიათი მიიღო, რასაც ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის დაზიანება, მეორე მხრივ კი სასოფლო-სამეურნეო ზარალი მოჰყვა სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც. ასეთი სავალალო მდგომარეობა ძალიან ხშირ შემთხვევაში არის იმ გულგრილი დამოკიდებულების შედეგი, რასაც იჩენს ან ცენტრალური ხელისუფლება, ან კიდევ ადგილობრივი თვითმართველობა. გასაგებია, რომ სტიქიურ მოვლენებს ყოველთვის ვერ გათვლი, მაგრამ, შესაძლებელია პრევენცია და წინასწარ გატარებული ღონისძიებებით ამ პრობლემების შემცირება. უკვე მიმდინარეობს ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი თანხები პრევენციული ღონისძიებებისთვის, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.
საკრებულოს სხდომაზე ვნებათაღელვა მოჰყვა ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს. პარტია „ლელოს“ დეპუტატის ვაჟა დარჩიას თქმით, მთავარი შეუსაბამობა არის ის, რომ აღნიშნულ პროექტში იკვეთება არა მოსახლეობის, არამედ ინვესტორთა ინტერესები.
– ავარიული სახლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევაა. თუმცა, 5 ოჯახის დაკმაყოფილებისთვის ინვესტორის მხრიდან 35-40 სართულიანი სახლების მშენებლობა მაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი უფრო ინვესტორზეა ორიენტირებული, ვიდრე კონკრეტულ მოქალაქეზე. ანუ, იმხელა მოგებაზე გადის ინვესტორი, წარმოუდგენელია ვისაუბროთ, რომ ეს მოქალაქეების ხელშეწყობისთვის გაკეთებული პროექტია, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.
ოპოზიციონერი კოლეგების განცხადებები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსს მამუკა რამიშვილს უპასუხოდ არ დაუტოვებია. მისი თქმით მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ავარიული სახლების დროული დემონტაჟი იქ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის.
– 2022 წლის 19 ივლისის საკრებულოს დადგენილებაში შევიდა ცვლილება და დაკონკრეტდა ბათუმში ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის შეღავათის გაწევის წესი. ყველა მრავალბინიანი ავარიული სახლის დროული ჩანაცვლება ახლით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის, რათა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ავაცილოთ საფრთხე, – განაცხადა მამუკა რამიშვილმა.