ბათუმი ამ საერთაშორისო გამოფენას მეთერთმეტედ მასპინძლობს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
6 ოქტომბერს საგამოფენო კომპანია „ ჯეონეტ ბათუმის“ ორგანიზებით, აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების მე-11 საერთაშორისო გამოფენა „აგრო ბათუმი 2023“ სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) 11 საათზე ოფიციალურად გაიხსნება.
ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანი სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.
– ჩვენი გამოფენა უკვე მე-11 წელია ხელს უწყობს ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. გამოფენის მსვლელობისას მონაწილე კომპანიებს საშუალება ეძლევათ, სამი დღის განმავლობაში თავიანთი პროდუქცია და სერვისები პოტენციურ მყიდველებს გააცნონ. აგროგამოფენაში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს. თქვენ სამი დღის განმავლობაში დაგხვდებათ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი, სასუქები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასათბურე მეურნეობისა და სათბურის აღჭურვილობა, მეტეოროლოგიური საზომი და მელიორაციის სისტემები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, რძის პროდუქტების, ჯემების, მურაბების მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია, ასევე ფართოდ იქნება წარმოჩენილი მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მეცხოველეობა, შესაფუთი მასალები და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, – გვითხრა საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ,,ჯეონეტ ექსპოს“ მენეჯერმა მაგდა პაქსაძემ.
გამოფენის მხარდამჭერია: აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი, აწარმოე საქართველო, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (მუსაიდი), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია, აჭარის ტელევიზია, ტვ 25 და გაზეთი „აჭარა“.
გამოფენა ოფიციალურად 8 ოქტომბერს დაიხურება. დასწრება თავისუფალია.

