ბათუმში პირველად აჟღერდა აზერბაიჯანული ტრადიციული მუღამი
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმში გრძელდება შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს საიუბილეო თარიღს – დაარსების 10 წლისთავს აღნიშნავს.
ფესტივალის მესამე დღე საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ, კულტურულ ურთიერთობებს დაეთმო. ბათუმის ხელოვნების ცენტრის ფოიეში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომელიც ჰეიდარ ალიევის ფონდის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო. კონცერტის დაწყებამდე საღამოზე მოსულ მსმენელს შეეძლო ეს საინტერესო გამოფენა დაეთვალიერებინა. ნაჩვენები იყო ვიდეორგოლიც, რომელშიც აზერბაიჯანული კულტურისა და ხელოვნების ნიმუშები იყო წარმოდგენილი.
შემდეგ შეკრებილებმა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ჩვენს ქალაქში პირველად გაჟღერდა იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანილი ტრადიციული, უნიკალური მუღამი სალმან გამბაროვისა და ტაიარ ბაირამოვის ოსტატურად შესრულებული იმპროვიზაციებით.
საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო. მან ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.
– მოხარულები ვართ, რომ ბათუმი უკვე ტრადიციულად მასპინძლობს შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომელმაც არაერთხელ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი და დარწმუნებული ვარ, როგორც ბათუმელი მსმენელი, ასევე ქალაქის სტუმრები ამ ფესტივალის ფარგლებში არაერთ საინტერესო საღამოს ნახავენ. ორმაგად სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეზობლის, მეგობრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს – აზერბაიჯანელი ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს აღვნიშნავთ და დარწმუნებულები ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, რომელიც დღეს უმაღლეს პოლიტიკურ ნიშნულზეა, კიდევ უფრო გაძლიერდება, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
– საღამო იყო არაჩვეულებრივად საინტერესო და კულტურის დიპლომატიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. დღეს აჭარაში პირველად აჟღერდა აზერბაიჯანული მუღამი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო ღირებულებებში შესული უნიკალური ჟანრია და სასიხარულოა, რომ ჩვენ ამის საშუალება მოგვეცა. ეს მნიშვნელოვანია – ფესტივალის ფარგლებში კულტურის დიპლომატია სწორედ ამაში გამოიხატება, ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებასა და კულტურული მიმართულებების ახალ ეტაპზე გადაყვანას, – გვითხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფესტივალის ორგანიზატორმა ელისო ბოლქვაძემ.
– კულტურის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და აძლიერებს ხალხებს შორის ურთიერთობებს. ქალაქ ბათუმში ჩვენი მუსიკის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. აქ აღვნიშნავდი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორის აჰმედ ჯავადის ლექსს – „ლეგენდა – შავი ზღვა“, რომელიც სწორედ ბათუმში დაიწერა. ჩვენთვის საამაყო ფაქტია ისიც, რომ ბათუმის ხელოვნების ცენტრში აზერბაიჯანელი ხალხის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საინტერესო გამოფენა გაიმართა. ის საქართველოს უდიდესი მეგობარი გახლდათ, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის დამფუძნებელი, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართეველოში ფაიგ გულიევმა.
დღეს ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საქველმოქმედო გალაკონცერტი. შესრულდება ჰაიდნის სიმფონია, რე მაჟორი, კარლ მარია ვონ ვებერ-კონცერტი კლარნეტისთვის და მოცარტის საფორტეპიანო კონცერტი, დირიჟორი – დავით მუქერია, სოლისტები – ელისო ბოლქვაძე (ფორტეპიანო), ალექსანდრე ბუდენკო (კლარნეტი).