გიორგი თეთრაძე: მალე პატარ-პატარა ტურისტული კომპანიები გავქრებით
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონი 2023 წლის 28 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო. მას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტით ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციები შემოდის, რომლის შედეგად სსიპ „ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს. კერძოდ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინონ შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სპეციალურ რეესტრში აისახება. კანონპროექტის მიხედვით, ტუროპერატორი, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ისეთ პაკეტებს, რომლებიც მოიცავს საქართველოს გარეთ ტურისტულ მომსახურებებს და ჩარტერულ ფრენებს, ვალდებულია, ფინანსური უზრუნველყოფის სახით იქონიოს პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7 პროცენტისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა. ამასთან, იგივე ფინანსური გარანტიაა გათვალისწინებული იმ ტურაგენტებისთვისაც, რომლებიც კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობენ ასეთ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდიან ამ პაკეტს. ტურიზმის სექტორს კანონთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდა, რომელსაც განხილვების დროსაც აფიქსირებდნენ, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ, პროფესიით გიდმა, გიორგი თეთრაძემ გვითხრა, არავის მათი შენიშვნები არ გაუთვალისწინებია, პირიქით, რიგი საკითხები ჩამატებულიცაა. ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირის დაჩქარებული წესით დაარსებაც, როგორც ბატონმა გიორგიმ გვითხრა, სწორედ ამ კანონის მიღებამ განაპირობა, სადაც ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ყველა ორგანიზაციას შეუძლია გაწევრიანება.
„ზოგადად, პროფკავშირების შექმნა დიდი ხანია გვინდა, ჩვენს სფეროში ეს აუცილებელი და საჭიროა. დღეს არსებობს გიდების, მძღოლების, ტუროპერატორების და სხვა ასოციაციები, მაგრამ გაერთიანებულად, ვინც ყველას სათქმელს მიიტანდა საკანონმდებლო ორგანოებამდე, არ არსებობდა.
საქართველოში ორგანიზაცია არ არის, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყვის. წესით, ეს ტურიზმის ეროვნულმა ანდმინისტრაციამ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი ჩვენთან არ კონტაქტობენ. დაკავებულნი არიან სხვა ფუნქციებით, მივლინებებით, ხალხს არ ეკონტაქტებიან. წელს უამრავი ტურისტი იყო შემოსული, ნებისმიერ გიდს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ გასულ წელთან შედარებით ცუდი წელი იყო ფინანსურად. ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ კი ჩვენ, პატარპატარა ტურისტული კომპანიები თუ გიდები „გავქრებით“ და იცით რატომ?! ახალი კანონის თანახმად, როგორც შემომყვან, ისე გამყვან ტუროპერატორებს ვალდებულება ექნებათ, 30000 ლარი ბიუჯეტში შეიტანონ და ეს თანხა გაიყინება. გამყვან ტურებზე მომუშავე კომპანიებთან დაკავშირებით მესმის, იქნებ, სხვა ქვეყანაში რამე პრობლემა შეიქმნას და ფინანსები უკვე მობილიზებული ექნებათ, მაგრამ შემომყვანზე რა საჭიროა, უბრალოდ აუხსნელია. ეს პუნქტი ახალი დამატებული აქვთ. წარმოიდგინეთ, იგივე თანხის შეტანა ევალება გიდს, რომელიც სასტუმროს ან ტაქსით მომსახურებას დაჯავშნის. მასაც მოუწევს იგივე თანხის გაყინვა. არცერთი გიდი არ მეგულება, ვისაც ამდენი თავისუფალი თანხა ექნება. პარლამენტში მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი, რომ ეს კანონი არის კატასტროფული მთელი ტურიზმის სექტორისთვის, აბსოლუტურად დამანგრეველი. ტურიზმი, ზოგადად ჩვენ მოვიყვანეთ დღემდე, გიდებმა, ტურკომპანიებმა, სახელმწიფოს მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვთხოვდით. ჩვენ შევქმენით ტურიზმი დამოუკიდებლად. ამიტომ ეს კანონი, რომლის მიღებასაც აპირებენ, საქართველოს მოქალაქეებისთვის დამღუპველია. მე, როგორც გიდი, დარეგისტრირებული ვარ, ვიხდი საშემოსავლო გადასახადებს, მაგრამ ახლა სხვა სურათია. ვიხდი თანხას და ნელ-ნელა მეცლება ტურისტი ხელიდან, რადგან ვინც გუშინ ჩამოდიოდა, დღეს მისი ქვეყნის გიდი ემსახურება ჩემს ქვეყანაში. სომეხი გიდი უხსნის, რომ მათი დამწერლობა გვაქვს, თურქეთის მოქალაქე კი, რომ ბათუმი მისი იყო, რუსი კიდევ თავისებურად და „ავშენდით“. არადა, ეს რეალობაა. რაც ტელევიზიებით ისმის, რასაც პრემიერიც აცხადებს, არის ყალბი, რადგან ის მილიარდები კი არ შემოედინება, უკან გადის. ტურისტს სხვა ქვეყნის გიდი ემსახურება, როგორც მძღოლი. მისი კომპანია სხვა ქვეყანაშია რეგისტრირებული, იქ იხდის გადასახადებს და ჩვენს სახელმწიფოს რა?! მხოლოდ ციფრებზე საუბარი. წარმოიდგინეთ, თურქეთში 6 კაცზე მეტს თუ ტურში წაიყვან და მათ გიდს არ აიყვან, ჯარიმის სახით 5000 დოლარამდე გიწევს გადახდა. ჩვენთან კი ასეთი სურათია – სხვა უკეთ იწყობს ბიზნესს. მესმის, რომ მათ სოციალური ქსელების და სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენზე უკეთ იციან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ჩვენი ინტერესები არ დაიცვას. ჩვენ ვვარდებით ცუდ მდგომარეობაში. ფინანსებზე მეტად გვაინტერესებს, რომ ვიკიპედიიდან ამოღებული ინფორმაციები არ მიეწოდოს ტურისტს. თან ისინი არანაირ გადასახადს არ იხდიან. ქვეყანაში თანხა არ რჩება. მათი ტურებიდან არცერთი თეთრი არ შედის ბიუჯეტში. ჩვენ კი გვავალებენ, გაყინულ ანგარიშზე თანხა შევიტანოთ“, – გვითხრა გიორგი თეთრაძემ.
მისივე თქმით, დღემდე გიდების ინტერესები არ არის გათვალისწინებული. პირიქით, იზღუდება: „ჩვენ, გიდები, დღემდე ვერ ვიმუშავებდით, თუ არ ვიქნებოდით დამადასტურებელი საბუთით რეგისტრირებულნი როგორც მეწარმე სუბიექტები. ეს ასეც უნდა იყოს და ამის მომხრეც ვარ, როგორც გადამხდელი, ყველა ვართ ვალდებული, გადასახადები გადავიხადოთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს მოვალეობები, ვალდებულებები, ამ დროს არანაირი მოვალეობა ცოდნის მხრივ არ გააჩნია უცხო ქვეყნის მოქალაქეს. მათი სიმრავლე წელს ბათუმში უფრო მეტად იგრძნობოდა. ტურიზმი არის პოლიტიკაც. ვისაც რა მოუვა აზრად, იმას საუბრობს. არავინ აკონტროლებს, ამასობაში კი ჩვენ ყველანი ვრჩებით უმუშევრები. ჩვენ ვქრებით და ტურიზმი გადადის დიდი კომპანიების ხელში. ბიზნესის გამსხვილება ხდება. გვაიძულებენ, მოვძებნოთ რაღაც „ხვრელები“, გზები, რომ ბიუჯეტში ეს თანხა არ შევიტანოთ. გავაუქმო რეგისტრაცია – არ ვიქნები იურიდიული პირი და მეც, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე არ იხდის, ისე მოვემსახურები ტურისტს. ვერავინ დამიჭერს. ტურისტზე ვიტყვი, რომ პირადი სტუმარია. გვაიძულებენ, ასე გავაგრძელოთ მუშაობა და გაგვაქრონ ამ სფეროდან“, – გვითხრა გიორგი თეთრაძემ.