პოზიტიური მშობლობის პროგრამა
ცოტნე ცაბაძე 27 48 94 –
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები სკოლამდელი დაწესებულებების საქმიანობაზეც ახდენს ერთგვარ გავლენას. ეს კარგად გაითავისეს შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებმა და ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთმა პირველებმა დანერგეს ადრეული განათლების კურიკულუმი. ეს ნოვაცია სკოლამდელ დაწესებულებებში თანამედროვე სტანდარტებით სწავლებასა და აღზრდისადმი თამაშით მიდგომას ითვალისწინებს. აღნიშნული სიახლის მიზნით უკვე გადამზადდნენ ის აღმზრდელები, რომლებსაც სტანდარტების შესაბამისი განათლება აქვთ.
სიახლესა და „პოზიტიური მშობლობის პროგრამაზე“ იყო საუბარი იმ სემინარებზე, რომელიც აჭარის 4 მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების პერსონალთან და მშობლებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ თოლორაიამ და ადრეული განათლების სპეციალისტმა მარიამ ჩიბუხაშვილმა გამართეს.
შუახევში გამართული სემინარის შემდეგ კომენტარი თამარ თოლორაიას ვთხოვეთ.
– სემინარზე დამსწრეთა რაოდენობა, მშობლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის გულისხმიერი დამოკიდებულება გვაძლევს საფუძველს, რომ „პოზიტიური მშობლობის პროგრამა“ ამიერიდან მეტ დატვირთვას შეიძენს. შუახეველებმა სიახლეებს პირველებმა აუბეს მხარი და წამოწყებას ბოლომდე უერთგულებენ. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მათ თანადგომას მომავალშიც გააგრძელებენ.

