როგორ გადაწყდება კონფლიქტი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის?
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციურ წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი რამდენიმე საათია განიხილავს. განხილვას თავად სალომე ზურაბიშვილი არ ესწრება, მის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. როგორც წარდგინების ავტორები, სხდომას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე, პარტიის წევრები ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი ესწრებიან. კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში ცხადად წერია, ვის რაზე და ვის წინაშე მოეთხოვება ანგარიში. მისივე განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ვალდებულია, იმოქმედოს კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად. მისივე განცხადებით, საქართველოში დადგენილია საპარლამენტო მმართველობის სისტემა, სადაც ექსკლუზიურად, აღმასრულებელ ხელისუფლებაზეა პასუხისმგებელი საქართველოს მთელი მთავრობა და ყველა დანარჩენი ურთიერთობები უნდა იყოს მოწესრიგებული ამ საერთო ლოგიკის შესაბამისად. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე საკითხზე, რაც, მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ვიზიტების არაკონსტიტუციურობას ადასტურებს.
„ეს არის ძალიან მარტივი კაზუსი. მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობების სფეროში. ამ მუხლში წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის სახელით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და, ასევე, მოლაპარაკებების წარმოება. პრეზიდენტმა ითხოვა თანხმობა, არ მიუღია, მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც დაირღვა კონსტიტუცია. ამ მოცემულ შემთხვევაში უფრო მარტივადაა საქმე, პრეზიდენტმა თავადვე აღიარა ვიზიტების არაკონსტიტუციურობა. კერძოდ, მან თავად ითხოვა თანხმობა ვიზიტზე. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა და მას შემდეგ, რაც თანხმობა ვერ მიიღო, მაინც განახორციელა ვიზიტი. მას რომ ჰქონოდა იმის რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს თანხმობა არ სჭირდებოდა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით. ასევე, მან მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ვიზიტები ბიუჯეტიდან არ იყო დაფინანსებული და კერძო თანხებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც მორიგი აღიარებაა. თუ ვიზიტი ლეგიტიმური იყო, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს იყო პირდაპირი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური და ამიტომ მოუწია მას არა ბიუჯეტის, არამედ საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას რომ ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა, რადგან ეს, კანონმდებლობით, არამიზნობრივი ხარჯია. როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, შესაძლოა, კონკრეტული დეპუტატების იმედი გქონდეს, რომ მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ დანაშაულს სჩადიხარ, პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა ინტერვიუ, სადაც გააკეთა განცხადებები: „ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი განმეხორციელებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა“. ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი. სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აქვს აღიარებული, რომ ის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს ახორციელებდა და შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა. ეს კაზუსი ერთუცნობიანი განტოლების სირთულისაა. უმარტივესად ამოხსნადი. გარდა ამისა, სახეზე გვაქვს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აღიარებაც, რომ შეგნებულად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ვიცით, მმართველმა გუნდმა იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად სალომე ზურაბიშვილის ის საგარეო ვიზიტები დაასახელა, რომლებზეც მას მთავრობისგან არ ჰქონდა ნებართვა მიღებული.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას გამოეხმაურა პარტია „ლელო“. მათი განცხადებით, საქმეს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და კარგად ავლენს დღევანდელი ქართული პოლიტიკური ცხოვრების მანკიერებებს.
– ხელისუფლების თვითნებობამ, არასამართლიანი წესებით თამაშმა, ძალმომრეობრივმა პოლიტიკამ და ტოტალური კონტროლისადმი მიდრეკილებამ მიგვიყვანა დღევანდელ კრიზისულ მდგომარეობამდე: ხელისუფლება ცდილობს, ყველა ბერკეტით იბრძოლოს, ხან – ძალის დემონსტრირებით, ხან – სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით და დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა „ლელომ“ ამ პროცესში ჩართვა.
პოლიტიკურის გარდა, მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი შეფასება ქართული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისთვის.
ჩვენ, „ლელოში“, გადავწყვიტეთ, რომ ვისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობით და ე.წ. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამით კიდევ ერთხელ ვავლენთ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რადგან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება და ამ პროცესის ხელშეწყობა „ლელოს“ პრიორიტეტია. „ლელოს“ მიერ მომზადებულ ვრცელ დასკვნაში სამართლებრივად არის შეფასებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლად ქცეული პრეზიდენტის ქმედებების კონსტიტუციასთან თავსებადობა და შემოთავაზებულია კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების განმარტების ხედვა.
ძირითადი არგუმენტები ეფუძნება პრეზიდენტის კონკრეტული ვიზიტების სტატუსსა და შინაარსს, პრეზიდენტისა და მთავრობის ქმედებებში კონსტიტუციის 78-ე, ევროინტეგრაციის მუხლის მნიშვნელობას, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტის გადაწყვეტას არა იმპიჩმენტის, არამედ ე.წ. კომპეტენციური დავის გზით.
ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი არგუმენტები არ დატოვოს გათავლისწინების გარეშე“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან, წარდგინების განხილვის მიმდინარეობისას, აქცია გამართეს პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა. ბათუმის საკრებულოს დეპუტატ აკაკი გვიანიძის განცხადებით, ის, რაც სასამართლოში ხდება, ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
– დღეს რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, სინამდვილეში ეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა კი არ არის, ეს არის ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. პრაქტიკულად, ჩვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს უწყობენ იმპიჩმენტს. ამიტომ, ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ გუნდის წევრებმა, მხარდამჭერებმა, მიუხედავად ამინდისა, გადავწყვიტეთ, გამოვსულიყავით და გაგვეპროტესტებინა. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ევროპული მომავალი და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სულერთი არ არის ეს ყველაფერი. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტის ინსტიტუტს და, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოსწონს, ან ვის არ მოსწონს სალომე ზურაბიშვილი. მთავარი ისაა, რომ ის ლიდერია, რომელსაც ევროპაში იღებენ, რომელიც თავისი მანდატის ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, კვირაში ორჯერ არღვევს საქართველოს მთავრობა კონსტიტუციას, მათ შორის, არ პასუხობს სადეპუტატო შეკითხვებს და კონსტიტუციით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს ვერ ასრულებს. და ყველაზე მთავარი რაც არის, ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ამ ყველაფერს ვაპროტესტებთ და ვცდილობთ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი დავაფიქროთ აღნიშნულ საკითხზე, მათ შორის, ის ადამიანებიც, „ქართულ ოცნებას“ აქამდე მხარს რომ უჭერდნენ. ფაქტი არის ის, რომ „ოცნება“ აგებს არჩევნებს და მაქსიმალურად ცდილობს, მაოხრებელი გზირის ფუნქცია შეითავსოს – გარდა იმისა, რომ ხელისუფლებიდან მალე მოუწევს წასვლა, სამუდამოდ დაასამაროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა,- განაცხადა აკაკი გვიანიძემ.