შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – მეათედ
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
30 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ჩვენი ქალაქი 8 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალი ფონდ „ლირას“ ორგანიზებით ტარდება, რომელიც ცნობილმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ 2013 წელს დააარსა.
ფესტივალის გახსნამდე ხელოვნების ცენტრის ფოიეში ბრაზილიის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ამაზონის ტროპიკული ტყეების ფოტოგამოფენა მოეწყო. როგორც ცნობილია, ამაზონის ტყე და მდინარე ბიომრავალფეროვნების აკვანია, რომლის გარეშეც მსოფლიო ბევრად ღარიბი იქნებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, ასევე, მთლიანად ამაზონის რეგიონი თავისი ფლორით და ფაუნით, ინდიელთა არტეფაქტებით, რომლებიც ნათლად გადმოსცემენ მათ კულტურას. გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებელს სიტყვით მიმართა ბრაზილიის ელჩმა საქართველოში ოსვალდო ბიატო ჟუნიორიმ.
შემდეგ ყველამ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნამდე შეკრებილთ სიტყვით მიმართეს ფესტივალის ორგანიზატორმა ელისო ბოლქვაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ბრაზილიის ელჩმა ოსვალდო ბიატო ჟუნიორიმ.
პირველ დღეს დვორჟაკის მეცხრე სიმფონიის მსოფლიო მუსიკალური ლიტერატურის შედევრი მაღალ ხარისხში შეასრულა ორკესტრმა, რომელიც დირიჟორმა დავით მუქერიამ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნა. მას გუდნი ა. ემილსონმა უდირიჟორა. ბრწყინვალედ წარსდგა მსმენელის წინაშე ფლეიტის ვირტუოზი შემსრულებელი ჯუზეპე ნოვა.
ბათუმის შავი ზღვის რიგით მეათე, საიუბილეო, საერთაშორისო ფესტივალი მსმენელს წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. ცნობილი ხელოვანები ჩვენს ქალაქს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვივნენ.
პროგრამაში გარდა შესანიშნავი კონცერტებისა, შეტანილია მასტერკლასები, რომლის დროსაც ნიჭიერ ახლგაზრდებს პროფესიონალები მოუსმენენ და ეჭვი არ გვეპარება, ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, ახალ ტალანტებს აღმოაჩენენ. დამწყები შემსრულებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან მაესტრო მიშელ სონის მასტერკლასებს.
კარგია, რომ ფესტივალში ახალგაზრდები მონაწილეობენ, რადგან თუ დიდი მუსიკოსები ვერ გახდებიან, კარგი მსმენელები უთუოდ დადგებიან. ფესტივალზე თავისი ადგილი უჭირავს საგუნდო მუსიკის მიმართულებას, რომელსაც ახალგაზრდა მუსიკოსი შიო აბრა ხელმძღვანელობს. ის სახელოვნებო განათლებაშიც ნაყოფიერად მოღვაწეობს.
ბათუმისადმი იუნესკოს დაინტერესება ქართული კულტურის პოპულარობას, ჩვენი ქალაქის პრესტიჟულობას უსვამს ხაზს. ის, რომ ბათუმში ტარდება ასეთი მასშტაბის, სოლიდური სტატუსის მქონე ფესტივალი, ბათუმის მნიშვნელობას ამაღლებს. ფესტივალზე როგორც უცხოური, ასევე ქართული კლასიკური, ფოლკლორული მუსიკალური ნაწარმოებები იქნება წარმოდგენილი, წელს პირველად, საესტრადოც. ფესტივალზე სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ ბავშვებს ერთად მოვუსმენთ. ფესტივალის მრავალფეროვანი პროგრამა ყველა გემოვნების მაყურებელს დააკმაყოფილებს. .
– დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვიმყოფები, ფესტივალის გახსნაზე და ვხედავ, რომ მუსიკა არის თქვენი ქვეყნის ძალიან ძლიერი ნაწილი. აღმოვაჩინე ქალაქი და ატმოსფრო ასეთი დაუვიწყარი ტრადიციით. შესაბამისად, გამიხარდა, რომ იტალიური მუსიკაც წარმოვაჩინეთ, -გვითხრა ფლეიტისტმა ჯუზეპე ნოვამ.
– ჩვენი ქალაქი წელს მეათედ მასპინძლობს ამ არაჩვეულებრივ ფესტივალს და მინდა ხელოვნების სფეროში მოღვაწე თითოეულ ადამიანს მივულოცო ეს. დარწმუნებული ვარ, რომ წელს განსხვავებული ფესტივალი იქნება, მეტად საინტერესო, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ვისაუბროთ იმაზე, როგორ აერთიანებს ხელოვნება ადამიანებს, სხვადასხვა ერებს, სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებს, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიას, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრს.
მეორე დღეს მსმენელის წინაშე წარსდგა პიანისტი ანა ფედოროვა, ორკესტრს უდირიჟორა მაესტრო პიეტრო ბორგონოვომ. მათი შესრულება მსმენელმა მქუხარე ოვაციით შეაფასა.