ამბები – უკრაინაზე
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობ ბაუერი აცხადებს, რომ უკრაინის მოკავშირეებს საბრძოლო მასალა ეწურებათ და წარმოება უნდა გაიზარდოს. საუბარია იმ საბრძოლო მარაგზე, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეუძლიათ.
„ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალების უფრო სწრაფი ტემპით წარმოება”, – განაცხადა ალიანსის ოფიციალურმა სამხედრო პირმა. ცნობისთვის – რამდენიმე დღის წინ უკრაინისთვის გასაგზავნი სამხედრო რესურსების მარაგის სიმცირის შესახებ აშშ-ის კონგრესი პენტაგონმაც გააფრთხილა.
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რომან მროჩკოს ინფორმაციით, დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონი დაბომბეს. „დილით რუსული ჯარების მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა ავტოფარეხს და დაზიანდა სასწავლო დაწესებულება”, – წერს მროჩკო ფეისბუქზე.
მთლიანობაში, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით 27-ჯერ გაისროლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში 279 440 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში – 360.
გენშტაბის ცნობის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დღემდე რუსეთის დანაკარგებია: 4732 ტანკი, 9008 ჯავშანტექნიკა, 8932 მანქანა და საწვავის ავზი, 6565 საარტილერიო სისტემა, 801 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 540 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი, 316 ვერტმფრენი, 5020 უპილოტო საფრენი აპარატი, 20 გემი და ერთი წყალქვეშა ნავი.