ბათუმში წყალმომარაგება სრულად აღდგენილია
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
3 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ბათუმში, წყლის მიწოდება შეზღუდული ჰქონდათ შერიფ ხიმშიაშვილის, ბაგრატიონის, სულაბერიძის, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი იყო უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვა, თუმცა ამჟამად წყალმომარაგება სრულად აღდგენილია.
– ბოლო ორი დღის განმავლობაში ბათუმში ინტენსიურად წვიმდა. მიუხედავად ამისა, ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი შეფერხება არ არის. სტიქიურად მოსული უხვი ნალექის შედეგად ოთხ მისამართზე განვითარდა მეწყრული პროცესი. ამავდროულად, ხუთბალიანი შტორმის გამო შეფერხებული იყო ზღვაში გამსვლელი არხების მუშაობა. გარდა ამისა, ადიდდა მდინარე ყოროლისწყალი, რამაც ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე არსებული დამბა და ხიდი მოშალა. მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულის გამო, ქალაქის წყალმომარაგების ნაწილში გარკვეული შეზღუდვები იყო. „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, რათა მოსახლეობას დროულად აღდგენოდა წყლის მიწოდება, – განაცხადა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
„ბათუმის წყალმა“ ფეისბუქგვერდზე განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
„ბათუმში წყალმომარაგება სრულად არის აღდგენილი. შეგახსენებთ, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ყოროლისწყლის სათავე ნაგებობაზე არსებული დამბა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა, რამაც ქალაქის წყალმომარაგების ნაწილში გარკვეული შეფერხებები გამოიწვია. ამ დროისთვის გამოწვევები აღმოფხვრილია როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.