„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ – ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც არსებულ ურბანულ სივრცეებს უფრო მწვანე, ჭკვიან და მდგრად გარემოდ გარდაქმნის, – ამის შესახებ საუბრობენ ბათუმში, ორდღიან ფორუმზე, რომელიც დღეს გაიხსნა.
ურბანული ფორუმი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. მასში 5 ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული. ფორუმის ორგანიზატორები არიან ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამა და პარტნიორი ორგანიზაციები.
ფორუმის მიზანია ქალაქების განვითარების ახალი გზების გამონახვა თანამედროვეობის გამოწვევების გათვალისწინებით. მონაწილეები განიხილავენ, როგორ უნდა მოგვარდეს კომპლექსური მუნიციპალური საკითხები მწვანე, ინკლუზიური და მედეგი ქალაქების შექმნის გზით და რა შესაძლებლობებს ქმნის კერძო-საჯარო პარტნიორობა და ფინანსირება ქალაქების მდგრადი ზრდისთვის და ინოვაციების განვითარებისთვის. „დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე რეგიონული ქალაქებისათვის. ბათუმსა და სხვა ქალაქებს აქვთ რიგი გამოწვევები ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების თვალსაზრისით. ფორუმი ემსახურება გამოცდილების გაზიარებას საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით, სამომავლო გეგმების დასახვას და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას მდგრადი ურბანული განვითარების ნაწილში“, – გვითხრა ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
ორი დღის განმავლობაში, ფორუმის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებრიობის წინაშე უმაღლესი რანგის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოვლენ. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილო მაკედონიისა და უკრაინის დელეგატები.
– დღევანდელი ფორუმი ეძღვნება ჩვენი მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი თვითმმართველობების უფრო მეტად გაძლიერებას და მათი მზაობის გაზრდას მომავალი გამოწვევების წინაშე, რაც გულისხმობს როგორც გარემოსთან დაკავშირებულ რისკებს, ისე ურბანიზაცის კუთხით გაზრდილ მოთხოვნებს. ფორუმის საბოლოო მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა. პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ აერთიანებს 400-ზე მეტ მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთის პარტნიორებში, რომლის მონაწილეები ამ ეტაპისთვის ბათუმში არიან შემდეგი ქვეყნებიდან: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. სწორედ ისინი მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებზე იმისათვის, რომ უფრო მედეგი გახდეს მუნიციპალიტეტები ახალი გამოწვევების წინაშე, კრიზისის დროს, სხვადასხვა პრობლემური სიტუაციებისას. ჩვენ ვნახეთ პანდემია, ახლა უკრაინაში მიმდინარეობს ომი, დევნილებთან დაკავშირებული უამრავი გამოწვევაა, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში. სწორედ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ აღნიშნულ ფორუმზე, მათ შორის ეკონომიკური ზრდის ახალ პერსპექტივებსა და განვითარების ახალ ტრაექტორიებზე. მოხდება როგორც გამოცდილების გაზიარება, ასევე, ახალი ინფორმაციის მიღება და ახალი მიდგომების შესახებ ცოდნის გაღრმავება, თანამშრომლობის წახალისება, – გვითხრა პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ხელმძღვანელმა საქართველოში თიკო ტყეშელაშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ 2017 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. 2021 წლიდან ამ ინიციატივის მართვას უძღვება გაეროს განვითარების პროგრამა ევროკავშირთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

