შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებული კანონპროექტის შეფასებები
თამარ ლამპარაძე 595 85 80 06 –
,,ქართული ოცნება“ შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას გეგმავს. პარტიის წევრების თქმით, კონსტრუქციები საფრთხეს უქმნის შეკრების მონაწილეებს და სხვა პირებს, ასევე, ხელს უშლის პოლიციის მიერ უსაფრთხოების დაცვას და წესრიგის შენარჩუნებას.
რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორია მათი პოზიცია და აქვს თუ არა ამ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას არჩევნებთან კავშირი?- ამ კითხვებით მმართველი გუნდის და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეს მივმართეთ.
რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“:
– დღეს ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, როგორმე შეუზღუდოს ადამიანებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. გვახსოვს ბევრი პროტესტი, 45 000-ლარიანი ჯარიმა ერთი აქციის დროს, დაჭერილი 25 ადამიანი. შემიძლია ბოლო აქცია გავიხსენო, როდესაც ხელისუფლება ცდილობდა, პოლიციელების ძალით შეეზღუდა ადამიანების თავისუფლება და დაეპატიმრებინა უდანაშაულო მოქალაქეები. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს, საზოგადოებას აუკრძალოს საკუთარი აზრის გამოხატვა სხვადასხვა კანონპროექტით. მაქვს ჩვენი საზოგადოების იმედი, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს სამართლიან პროტესტში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესები უარყოფითად აისახება, პირველ რიგში, ივანიშვილის ხელისუფლებაზე და შემდგომ – ჩვენს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
შოთა გეგიძე, მოქალაქე:
– ამ კანონპროექტის შემოღებას ნამდვილად არ მივესალმები, რადგან კანონი უფრო გამკაცრდება დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს აქციის მონაწილეებს შორის დისბალანსს. ადამიანებს ვეღარ ექნებათ ხშირი და კარგი კომუნიკაცია ერთმანეთთან მსგავსი მანიფესტაციების დროს. აქციის მონაწილეებს აღარ შეეძლებათ მარტივად დაგეგმონ და მოაწყონ ის, რაც სურთ, ამ ყველაფერს კი ხელისუფლება თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. სულაც არ არის გასაკვირი, რომ კანონპროექტზე საუბარი მოახლოებული არჩევნების წინ დაიწყო.
ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:
– დღეს კანონპროექტზეა საუბარი, რომელმაც, კანონად ქცევის შემთხვევაში, ბევრი კანონშემოქმედებითი ეტაპი უნდა გაიაროს და რა ტიპის ცვლილებები შეიძლება მოხდეს მიღების შემთხვევაში, ამას დრო აჩვენებს. აქ სრულად აკრძალვაზე არ არის საუბარი, პროექტის მიხედვით, საუბარია გარემოებებზე, რა დროსაც იქნება შეზღუდვები. არა მგონია, ამ კანონმა სამართლებრივ-პოლიტიკური გავლენა მოახდინოს. გამოხატვა და შეკრება არის კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად, კანონის ფარგლებში, ტექნიკური თვალსაზრისით ყველა ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი აზრის დაფიქსირების. არჩევნებზე ამ ტიპის ტექნიკურ ცვლილებებს ვერ ექნება ზეგავლენა, რადგან საარჩევნო გარემო სხვა ტიპის ნაწილია.