„ევროპალია“ საქართველოს მასპინძლობს
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
კულტურის საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიას“ ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ქალაქ ჰააგაში საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, დაესწროს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების თეატრალურ ინსცენირებას, მოისმინოს ახალგაზრდა ქართველი პიანისტების ვირტუოზული შესრულება, ქართული პოლიფონიისა და ფოლკლორის უკვდავი ჰანგები, გაეცნოს ქართული სუფრის ტრადიციებს, მწერალ ნინო ხარატიშვილის ლიტერატურულ პერსონაჟებს.
– „ევროპალია“ გახლავთ კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც აძლიერებს კულტურულ ურთიერთგაცვლას და საქართველო იქნება 25-ე მასპინძელი ქვეყანა, რომელიც წარადგენს თავის კულტურულ მემკვიდრეობას. როგორც ხშირად ხდება, ქვეყნის იდენტობა კულტურისა და შემოქმედების ჭრილში არის გამოხატული. კულტურა შეიძლება, ასევე, გვთავაზობდეს ღრმა ანალიზს სუფრასთან დაკავშირებით, ტრადიციულ ქართულ ფესტივალს, რომელშიც არის მოცული სტუმართმასპინძლობის სულისკვეთება, რაც ქართული კულტურის ერთ-ერთი მომხიბლავი ასპექტია. დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ძირითადი მოვლენა ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც გააძლიერებს ბელგიასა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირებს“, – განაცხადა ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა ჰაჯა ლაჰიბმა.
„ევროპალია“ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და ღონისძიებები ბელგიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. ოთხი თვის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, საქართველოს კულტურული მრავალფეროვნება გაიცნონ როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ხელოვნების საშუალებით. აღსანიშნავია, რომ „ევროპალია“ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კულტურის საერთაშორისო ფესტივალი მოიცავს კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს, რომლებზეც მულტიდისციპლინური პროგრამების ფარგლებში, სტუმარი ქვეყნების კულტურა და ხელოვნება წარმოჩნდება.