რუსეთის სავარაუდო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემაშფოთებელი უწოდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა განთავსდეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, აღნიშნული მორიგი პროვოკაციული მცდელობაა, რაც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
„შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.
მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.
საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსული ბაზის ხელახლა განთავსების შესახებ ცნობები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, სევასტოპოლის ალტერნატივას ეძებს და, ასევე, ცდილობს, გააფართოოს თავის სამხედრო ლოკაცია თურქეთის სიახლოვეს შავი ზღვის სანაპიროზე.

