ქობულეთში ბეჟანიძეების ოჯახის გამოსახლების პროცედურა დაიწყო
თამარ ლამპარაძე 595 85 80 06 –
ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის 90 ნომერში, ბეჟანიძეების სახლთან გამოსახლების პროცესი დაიწყო, რასაც ადგილობრივების და ოჯახის ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა, მეპატრონემ კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა.
ქონებასთან დაკავშირებით დავა საბანკო დავალიანების გამო 2016 წლიდან მიმდინარეობს. სახლი, რომელიც ,,პროკრედიტ ბანკმა“ 2016 წელს აუქციონზე გაყიდა, 85 ათას დოლარად მეუფე იაკობმა შეიძინა და მოგვიანებით სხვა პირს მიჰყიდა.
ბეჟანიძეების ოჯახი ეჭვობს, რომ აღნიშნული კერძო პირი მეუფე იაკობთან არის დაკავშირებული და ისინი ერთად მოქმედებენ.
ოჯახი ახალ მესაკუთრეს 200000 დოლარს სთავაზობს უკვე 3 წელია, მაგრამ იგი არ თმობს და დაუყოვნებლივ მათ გამოსახლებას ითხოვს.
როგორც უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე ამბობს, ბეჟანიძეების ოჯახის დასაცავად და უსამართლობის წინააღმდეგ ქობულეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა და თუ პროცესი ისევ გაგრძელდება, მაშინ მთელი აჭარა დაუდგება დაზარალებულებს გვერდით. მისივე თქმით, ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს და გამოსახლება არ შედგება.

