თბილისმა „ღამის სერენადების” დასკვნით კონცერტს უმასპინძლა
„ღამის სერენადებმა” საიუბილეო, მე-15 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი თბილისში გამართა. შემოქმედებითმა ჯგუფმა კლასიკური მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას მრავალფეროვანი კონცერტები შესთავაზა, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მუსიკოსები. მოდით, ვნახოთ, როგორ აფასებენ თავად ორგანიზატორები წლევანდელ ფესტივალს?
ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი:
– ძალიან გვიხარია, რომ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და ჩავატარეთ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ფესტივალი სამ ქალაქში – ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. კლასიკური მუსიკის კონცერტების პარალელურად, მოვაწყვეთ ვორქშოპები, მასტერკლასები, გამოფენა… ძალიან სასიხარულოა ისიც, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ჩვენი პარტნიორი გახდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მევიოლინეებზე, რადგან ეს ფესტივალი ლიანა ისაკაძის დაარსებულია. „ღამის სერენადებს” ეწვია ჰეიონ პარკი კორეელი მევიოლინე ლონდონიდან, ვირტუოზი ლაურა მარზადორი, ლა სკალას პირველი ვიოლინო, ვერიკო ჭუმბურიძე, ასევე, ვოკალისტები გერმანიიდან, იტალიიდან, პიანისტი თათა ლიჩელი და მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი.
სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე:
– ფესტივალის არსი და მნიშვნელობა ის იმპულსია, რომ ადამიანები დავმუხტოთ დადებითი ენერგიით. „ღამის სერენადების” დაარსების დღიდან, ლიანა ისაკაძის სურვილი იყო, ამ უდიდესი საგანძურის, კლასიკური მუსიკის პროპაგანდა და განვითარება. კლასიკური მუსიკა ხომ კაცობრიობის სულიერების ერთ-ერთი უმთავრესი საუნჯეა.
ბორჯომში ფესტივალის გახსნაზე შესრულდა არიები ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ოპერებიდან, ნეაპოლური სიმღერები, ინსტრუმენტული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შედევრები – იოჰანეს ბრამსის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები. ასევე, აჟღერდა ქართული მუსიკა – „ასე ჩონგური“ და ,,კუჩხი ბედინერი“ ოთარ თაქთაქიშვილის ვოკალური ციკლიდან „მეგრული სიმღერები“.
ბათუმში კორეელმა მევიოლინემ ჰეიონ პარკმა ქართველ პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად სეზარ ფრანკის სავიოლინო სონატა არაჩვეულებრივად შეასრულა. ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზების“ თანხლებით კი ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი ააჟღერა.
თბილისში, დასკვნით კონცერტებზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის შესრულდა ჯოაკინო როსინის, უმბერტო ჯორდანოს, პიეტრო მასკანის შესანიშნავი ნაწარმოებები.
ფესტივალის დახურვის საღამოზე აჟღერდა მოცარტის მუსიკა. მოცარტის რონდო და სავიოლინო კონცერტები საერთაშორისო აღიარების მქონე სოლისტმა და კამერულმა მუსიკოსმა, ამჟამად ლა სკალას ორკესტრის პირველმა ვიოლინომ ლაურა მარზადორიმ ააჟღერა. მას თანხლება ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები გაუწია.
ვერიკო ჭუმბურიძე:
– პირველად შევასრულე ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი და ასევე, პირველად დავუკარი „ღამის სერენადებზე”. ჩემთვის ეს დღე დაუვიწყარი იქნება, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალის მონაწილედ ყოფნა, უდიდესი პატივია. 13 წლის ვიყავი, ქალბატონი ლიანა რომ გავიცანი და ამ ფესტივალზე რომ დამპატიჟა, ძალიან გამიხარდა. ლიანა ისაკაძე ჩემი ფავორიტი ქართველი მევიოლინეა, უდიდეს პატივს ვცემ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.