სოფლის მეურნეობის პოტენციალის წარმოსაჩენად . . .
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ბათუმში ორი დღეა აგრარული ფორუმი მიმდინარეობს, რომლის მიზანი ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სექტორის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონის აგრარული, სოფლად მეწარმეობისა და სოფლად ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების გაცნობაა. ფორუმის „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ მუშაობაში სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 50-ზე მეტი კომპანია, ასევე, დარგობრივი ასოციაციები და საოჯახო ფერმერული მეურნეობები არიან ჩართული. აჭარის აგრარული შესაძლებლობებისა და საექსპორტო პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები დაინტერესებულ მხარეებს შორის ორმხრივ ფორმატში გაიმართა.
ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გახსნა, მან სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულობასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი.
– სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია, რომელსაც მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ხელშეწყობის მთავარი ამოცანა და მიზანი არის, თითოეული თეთრი, რომელიც გამოიყოფა როგორც ცენტრალური, ასევე, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მივიდეს ყველა ფერმერამდე. აგრო-სამეწარმეო დაფინანსების კუთხით, შესაბამისი პროგრამა შემუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ინიციატივების მხარდაჭერას. უკვე 40-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა ამ პროგრამის ფარგლებში, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ დღეს დასრულდება