ფესტივალის „ქართული დღე”
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
5 ოქტომბერი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ქართული დღე იყო. ფესტივალის ფარგლებში ბათუმის მუსიკალურ ცენტრში კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძეს მუსიკალური მონოდრამის „მედეას ვნებანი“ ჩვენება გაიმართა, შემდეგ კი ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში ქართული აკადემიური კლასიკური საგუნდო მუსიკის საღამოზე მიიწვიეს. კონცერტში მონაწილე ყველა საგუნდო კოლექტივი ადგილობრივი იყო – სამი ბავშვთა გუნდი, რომელთა შორის იყვნენ: ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა (ქორმაისტერი – მაგდა მათითაიშვილი) და ვაჟთა გუნდები (ქორმაისტერი – გელა ვადაჭკორია) და ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ბავშვთა გუნდი (ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი).
საღამოს მეორე ნაწილი ბათუმის ქალთა სახელმწიფო აკადემიურ კამერულ გუნდს (ზაირა და გელა ვადაჭკორიების ხელმძღვანელობით) და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სახელმწიფო კაპელას (ქორმაისტერი – ლელა დოლიძე, ხელმძღვანელი – ქეთევან მანელიშვილი) დაეთმო.
ცხადია, ყველა გუნდმა მხოლოდ ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები შეასრულა, დაწყებული საგუნდო მუსიკის პირველი ქართველი კლასიკოსის ნიკო სულხანიშვილის ნაწარმოებით და დამთავრებული ოცდამეერთე საუკუნის კომპოზიტორთა ნაწარმოებებით.
საღამოს წამყვანი შიო აბრა ( აბრახამია) გახლდათ, რომელიც დარბაზში მსხდომთ გზადაგზა აცნობდა შესასრულებელი ნაწარმოებების ავტორებზე მნიშვნელოვან ცნობებს. ბოლოს მისი დირიჟორობით ორმა აკადემიურმა გუნდმა – სახელმწიფო კაპელამ და ქალთა აკადემიურმა კამერულმა გუნდმა ერთად შეასრულეს ნიკო სულხანიშვილის უკვდავი ქორალი „ღმერთო, ღმერთო“.
შიო აბრა (აბრახამია) პროფესიით საგუნდო დირიჟორი და მუსიკის მცოდნეა. იგი თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სკოლასა და ნიჭიერთა ათწლედში საგუნდო მიმართულების დირიჟორობის პედაგოგი, ასევე სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალია, ის ბათუმის ფესტივალის პროგრამების ხელმძღვანელია.
ფესტივალის წინა დღე ქველმოქმედებას დაეთმო. მსმენელის წინაშე სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი – შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაესტრო დავით მუქერია) მსოფლიოში ცნობილი კლარნეტისტი ალექსანდრე ბედენკო წარსდგა. კლარნეტისტი სპეციალურად ამ კონცერტისთვის ამერიკიდან ჩამოვიდა. კონცერტი საქართველოს სოლიდარობის ფონდისთვის გაიმართა. აღნიშნული ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის განკარგულებით დაარსდა. მისი საქმიანობის მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარებაა და კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად ამ ფონდში გადაირიცხა. ეს საუკეთესო ნიმუში იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთამანეთს შეერწყას ქველმოქმედება და ხელოვნება.
– დირიჟორებისა და სოლისტების სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვევა ძალიან კარგია, იგი ახალგაზრდებისთვის მაღალხარისხიანი მუსიკის მიწოდებას უწყობს ხელს, – აღნიშნა დავით მუქერიამ.