წარდგენილია „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილია სხალთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი, „საპატიო ხულოელი“, მრავალი იდეისა და ნოვაციის ავტორი ნაზიბროლა მიქელაძე. დღეს იგი ჩვენი სტუმარია.
– მახარებს და მეამაყება, რომ გამორჩეული ნდობითა და პატივისცემით, ავტორიტეტით ვსარგებლობ არა მხოლოდ სასკოლო თემში, არამედ სოფელსა და ხულოს მუნიციპალიტეტში, მთლიანად აჭარის რეგიონში. ვარ აჭარის პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდიუმის, აჭარის ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი. რამდენჯერმე დამასახელეს წლის საუკეთესო მასწავლებლად. 51 წელია, ვმუშაობ მასწავლებლად, არაერთი გამორჩეული მოსწავლე, აღვუზარდე ქვეყანას, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა სფეროში. წლების განმავლობაში ვიყავი დაწყებითი კლასების მეთოდური გაერთიანების, შემდგომში კი კათედრის ხელმძღვანელი სხალთის სკოლაში და ხულოს განათლების განყოფილების შტატგარეშე ინსპექტორი. როგორც მეთოდისტი და ლაურეატი მასწავლებელი, ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ კოლეგებს რაიონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ჩემი გამოსვლები სხვადასხვა კონფერენციასა თუ ყრილობაზე. უკვე წამყვანი მასწავლებლის წოდება მაქვს.
– პედაგოგიურ საქმიანობას კულტურის სფეროში აქტივობასაც შესანიშნავად უთავსებთ. . .
– სიმღერა, ცეკვა ჩემი ჰობია. ვარ სხალთის სასოფლო კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ჯგუფის ხელმძღვანელი და სოლისტი. ანსამბლში ჩავრთე სხალთის თემში მცხოვრები მოსწავლეები. ანსამბლს არაერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული სხვადასხვა მასშტაბის კონკურსებსა და ოლიმპიადებზე. გამოვდივართ სახალხო დღესასწაულებზე: „შუამთობა“, „ტბელობა“, „სელიმობა“, ასევე, მოსწავლეებთან ერთად ვმონაწილეობ მხიარულ ჩემპიონატებში, როგორიცაა „მღერიან, ხუმრობენ და პაექრობენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები“, მიღებული მაქვს არაერთი დიპლომი და სერტიფიკატი.
– რას აკეთებთ მოსწავლეთა მიღწევებისა და პიროვნული მხარდაჭერის მიზნით?
– ვატარებ გაკვეთილებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. მუდმივად ვეცნობი და ვნერგავ სიახლეებს, შექმნილი მაქვს მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივიზმზე აგებული, ფიზიკურად და ემოციურად უსაფრთხო საკლასო გარემო. ვიყენებ სწავლების მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს, დიფერენცირებულ მიდგომებს, ხელს ვუწყობ ინკლუზიური გარემოს შექმნას სკოლაში, ყველა ტიპის მასწავლებლის აქტიურ ჩართულობას სასკოლო თუ სკოლისგარეშე აქტივობებში. ამ მიზნით ვატარებ ვორქშოფებსა და სამოდელო ინტეგრირებულ გაკვეთილებს. არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით წარვმართავ კლუბის ,,რა? სად? როდის?“ მუშაობას. მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მაქვს კლუბი „ჩვენი საუნჯე“, რომელმაც გაიმარჯვა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში. გრანტიც მოვიპოვეთ. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მთაში გაბნეული მარგალიტების, ანუ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოგროვება და პოპულარიზაცია. ასევე, გათვალისწინებული მაქვს სხალთა-ხიხანის ხეობაში არსებულ ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა (ვარდციხე, ხიხანის ციხე, სხალთის ტაძარი, კალოთის, ვერნების ნაეკლესიარების, სელიმ და შერიფ ხიმშიაშვილების სახლ-მუზეუმების და სხვა ძეგლების) მონახულება, შესწავლა და პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. საქართველოს ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილისა და აბუსერისძე ტბელის მოღვაწეობის შემსწავლელი კონფერენციების ჩატარებასაც ვაპირებ. ამავე პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, ჩატარდა კულტურულ-საგანმანათლებლო ექსკურსია თბილისში და პროექტ-გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში, რომელშიც სკოლის 18 მოსწავლე მონაწილეობდა. სასკოლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე, სასკოლო კულტურის დახვეწის მიზნით სკოლაში ვქმნი თანამშრომლობით გარემოს, მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვახორციელებ სხვადასხვა აქტივობას ჯანსაღი ცხოვრების წესის, ადამიანის უფლებების დაცვისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა-განვითარებისთვის. მოსწავლეები ჩართული მყავს სასწავლო კონკურსებსა და ოლიმპიადებში. არიან გამარჯვებულებიც. კინგსის ოლიმპიადაზე პირადად მოვიპოვე ბრინჯაოს მედალი და დიპლომი. გასულ სასწავლო წელს სკოლის დირექციამ დიპლომით დააჯილდოვა ჩემი სადამრიგებლო კლასი, როგორც საუკეთესო აკადემიური კლასი და მომენიჭა წლის საუკეთესო დამრიგებლის წოდება. ხულოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ არაერთხელ დამაჯილდოვა სხვადასხვა მუნიციპალურ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
– განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები უპირატესობას ანიჭებს საგანმანათლებლო რესურსების, პროფესიული პრაქტიკის შექმნასა და გაზიარებას. ამ მიზნით რას აკეთებთ?
– აქტიურ სამეცნიერო მუშაობასაც ვეწევი, 10 ნაშრომი წარვადგინე და გამარჯვებულად ცნეს სხვადასხვა პედაგოგიურ ფორუმებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მუნიციპალიტეტის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით. ნაშრომი – ,,აკადემიური წარმატების საწინდარი“ დაიბეჭდა გაზეთ ,,სახალხო განათლებაში“ და ჟურნალში ,,დაწყებითი სკოლა და სკოლამდელი აღზრდა“. მოწონება დაიმსახურა პროფესიონალ ფსიქოლოგთა და პედაგოგთა ასოციაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე წარდგენილმა მოხსენებამ თემაზე – ,,შემოქმედებითი მიდგომების გამოყენება სასწავლო პროცესში“. რეგულარულად ვმონაწილეობ აჭარის განათლების ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში – ,,სწავლების ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები“. მადლობის სიგელი გადმომეცა ხულოს რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ მუნიციპალურ კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებისთვის.
– მშობლიური სკოლის განვითარებაში შეტანილ წვლილზეც გვითხარით. . .
– წლების განმავლობაში ვიყავი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ჯგუფის ფასილიტატორი. სისტემატურად ვეხმარებოდი მასწავლებლებს სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებაში. როგორც ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრი და ლიდერი მასწავლებელი, კოლეგა მასწავლებლებს ვეხმარებოდი თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გაკვეთილების დაგეგმვა-ჩატარებაში. ჩემი დამსახურებით სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს სერტიფიცირება და მოიპოვეს სტატუსი. როგორც სამუშაო ჯგუფების ორგანიზატორი, განუხრელად ვზრუნავ სკოლაში სწავლების ხარისხის ამაღლებაზე. ვარ მხარდამჭერი ჯგუფის აქტიური წევრი სკოლის ავტორიზაციის პროცესში.
– ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში მიღწეულ შედეგებზეც გვითხარით?.
– გავიმარჯვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ,,თავისუფალი გაკვეთილების“ კონკურსში, ფასიანი საჩუქრებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით (ფანდური და ჩონგური) დამაჯილდოვეს, რომლებიც სკოლას გადავეცი. კოლეგებთან ერთად ჩართული ვიყავი საერთაშორისო პროექტში ,,ჩვენი უცხოპლანეტელი მეგობრები“, დამაჯილდოვეს მედლითა და დიპლომით.
– ზრუნავთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებისთვისაც. . .
– ამ კუთხით მთავარ მიმართულებად მივიჩნევ სხალთის თემისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებას, განსაკუთრებით საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდას. ვარ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზაციის ხულოს მუნიციპალიტეტის ქალთა საბჭოს წევრი, ამ პარტიიდან პროპორციული სიით კენჭს ვიყრიდი თვითმმართველობის ახლანდელ არჩევნებზე. ოჯახური ძალადობისა და ქალთა ჩაგვრის, გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ვიბრძვი და ვზრუნავ განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობისთვის, აგრეთვე, პოლიტიკაში ქალთა ჩართვის ხელშესაწყობად. მთიან აჭარაში მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიზნით ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობაში. სხვადასხვა წლებში არჩეული ვიყავი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ყრილობების დელეგატად. მწვავედ ვამხელდი მთაში მომუშავე მასწავლებელთა პრობლემებს. მასწავლებელთა ბოლო მოწვევის ყრილობის დელეგატი და მომხსენებელიც ვიყავი.
– ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვის თვალსაზრისით თქვენი საქმიანობის შედეგებიც გაგვაცნით. . .
– წარმატებით დავასრულე ევროკავშირის და გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის პროექტით ,,ციფრული კომპეტენციები სოფლის თემისა და ბიზნესების ხელშეწყობისათვის“ განსაზღვრული ტრენინგ-კურსი ,,ციფრული კომპეტენციები ბიზნესის განსავითარებლად“. მოვიპოვეთ გრანტი. ჩემთან ერთად პედაგოგებიც არიან ჩართულნი გამარჯვებულ პროექტში ,,ჭკვიანი ფერმა ჩვენს სკოლაში“, რაც ითვალისწინებს სკოლის ნაკვეთზე ლურჯი მოცვის გაშენებას. დაუვიწყარი და შრომატევადი იყო
მონაწილეობა ,,საუკუნის პროექტში“, რომელიც „სხალთაჰესის“ და „შუახევიჰესის“ მშენებლობას ითვალისწინებდა, კონკურსში გამარჯვების შემდეგ გავხდი სხალთის თემის საინფორმაციო ცენტრის ოფიცერი და დიდი როლი შევასრულე საზოგადოების დარწმუნებაში, რომ პროექტი მთის მოსახლეობას დიდ სარგებელს მოუტანდა. დიდია ჩემი წვლილი ამ მხრივ კონფლიქტების პრევენციასა და საერთოდ, პროექტის წარმატებაში. პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ჩემი ძალისხმევით განახორციელა მრავალი სოციალური პროექტი, კერძოდ: სხალთის, წაბლანისა და ძმაგულის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები გარემონტდა და შეივსო წიგნადი ფონდით, კეთილმოეწყო ყიშლისა და ფაჩხის სპორტული მოედნები, ჭერის, ფაჩხის, ძმაგულის, ყიშლისა და სხალთის საჯარო სკოლებს გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა. კეთილმოეწყო სხალთის საჯარო სკოლის ეზო და სკოლის პირველ სართულს, რომელსაც დიდთოვლობა აზიანებდა, გაუკეთდა რკინის გისოსები. სკოლის ეზოში აშენდა საზაფხულო სცენა, ასევე, სოფელ ჭერისა და წაბლანის მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდა.
გავიმარჯვე „აწარმოე საქართველოსთვის“ პროექტში. თანადაფინანსებით შევიძინე თხილის სარჩევი და შესაწამლი აპარატები, რომლითაც მოსახლეობა იღებს სარგებელს თხილის მოსავლის მოყვანა-რეალიზაციაში და ზრდის თავიანთი ოჯახების ეკონომიკურ შემოსავალს.
– ყოველივე ამას რა გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში?
– ჩემს საქმიანობას გამოხმაურება აქვს პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებში. სტატიებია დაბეჭდილი ნანა ახალაძისა და ნოდარ ბასილაძის წიგნებში ,,არ დაეკარგვის ამაგი“, ,,მთის ამაგდარნი“. დიდად ვაფასებ დაჯილდოებას იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით, მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლაურეატი მასწავლებლის წოდება მომანიჭა. წელს გამართულ სახალხო დღესასწაულ „ტბელობაზე“ განათლებისა და კულტურის სფეროში, თემისა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საპატიო ხულოელის“ წოდება მომენიჭა.