საერთაშორისო კონფერენცია რეპრესირებულთა საკითხებზე დასრულდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
დღეს ბათუმში, სასტუმრო რედისონში საერთაშორისო კონფერენციის ,,სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938 წლებში) საქართველოში“ შეჯამება გაიმართა.
მომხსენებლებმა საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ხსოვნაში მუზეუმების როლზე ისაუბრეს. მოდერატორი ირმა დიმიტრაძე გახლდათ – მედიასაშუალება ,,ბათუმელებიდან”.
აუდიტორიის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ: ვოიცეხ სლეჟინსკი – „ციმბირის მეხსიერების მუზეუმი, პოლონეთი“; ლუდმილა კოჟოკარუ – „მოლდოვაში დიდი ტერორის (1937-1938 წ.წ.) ისტორიისა და ხსოვნის მუზეუმად გარდაქმნა“; მიხეილ წერეთელი – „1920-30-იანი წლების საბჭოთა ეპოქის ამსახველი გამოფენები ეროვნულ მუზეუმში“; ნატაშა ლომოური – „მუზეუმებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება, რეფლექსიისა და დიალოგის წახალისება ახალი პროცესების შექმნით.“
ღონისძიების დასასრულს მომხსენებლებმა ისაუბრეს თემაზე: ,,როგორ წავახალისოთ ცოდნა და გავიგოთ მეტი საბჭოთა რეპრესიების შესახებ”. მოდერატორი ნატაშა ლომოური გახლდათ, მომხსენებლები – შტეფან ჩერნოუშეკი, იულია ბალაბანოვა, იუსტინა ეივისი, ალინა კოუშიკი და მელანი ჰუსინგერი.
– სამარხების კვლევა 2017 წლიდან მიმდინარეობს, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით გააქტიურებულია. მივაკვლიეთ და უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ საქართველოში, კერძოდ, აჭარაში, დიდი ტერორის მსხვერპლი ადამიანები განისვენებენ. 2017 წელს ეპარქიის, ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების ჩართულობით დაიწყო ნეშთების ამოსვენების, სამარხების დამუშავების პროცესი. შემდეგ ამაში საერთაშორისო პარტნიორები, ასევე, ამერიკული ინსტიტუტები ჩაერთნენ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოწვევით, პოლონელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. გვსურდა, კონფერენციის ორგანიზებით გარკვეულწილად, შეჯამება გაგვეკეთებინა, ასევე, გვეთქვა, სამომავლოდ რას ვაპირებთ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია. აქ არიან ჩამოსული ძალიან დიდი მეცნიერები და მკვლევარები – პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან, მოლდოვიდან, ასევე, „საერთაშორისო მემორიალის“ წარმომადგენლები… ის ხალხი, რომლებიც 40 წელია რუსეთში მოღვაწეობდა და ახლა იძულებულნი არიან თავიანთი მოღვაწეობა საზღვაარგარეთ გააგრძელონ. ვისაუბრეთ, გავიხსენეთ, შევაჯამეთ და სამომავლო გეგმებიც დავსახეთ, – გვითხრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ.
– საერთაშორისო კონფერენცია პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. დაახლოებით 30 წელია, ეძებდნენ ადგილებს, სადაც რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანები იყვნენ დასაფლავებული. მხოლოდ აჭარაში შეძლეს ამაზე მუშაობა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელის მეუფე დიმიტრის თაოსნობით მიმდინარობს კვლევა-ძიება, რაშიც პოლონელი ექსპერტები გვეხმარებიან. ჩამოსულები იყვნენ ჯგუფები, რომლებიც სამარხებთან მუშაობდნენ. ჩატარდა კვლევები, მოხერხდა რამდენიმე ადამიანის იდენტიფიცირებაც და ნეშთები შთამომავლების ოჯახებს გადაეცათ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს უნიკალური შემთხვევაა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასეთი სამარხები ბევრგანაა აღმოჩენილი, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსში, მაგრამ ასეთ დონეზე შესწავლა, რაც საქართველოში მოხერხდა, იშვიათია. საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია. ეს კონფერენციაც ამიტომ შედგა, რომ გავცვალოთ აზრები, გამოცდილება, მივიღოთ დახმარება პოლონელი კოლეგებისგან, სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან და კვლევები გავაგრძელოთ. ჯერ-ჯერობით სულ 6 სამარხია ნაპოვნი და აქედან მხოლოდ ერთია შესწავლილი. წინ კიდევ ბევრი შრომა გველის, – გვითხრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პროგრამების დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ლევან ავალიშვილმა.
– მსგავსი კონფერენციები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც აქ აღინიშნა, ჩვენ ხშრად გვავიწყდება ჩვენი წარსული. ისტორიას თუ დავივიწყებთ, წარმოუდგენელია, მომავალი შევქმნათ. მსგავსი რეპრესიები რომ არ განმეორდეს, ვალდებულნი ვართ, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდეთ და ერთმანეთსაც გავაცნოთ, – გვითხრა საქართველოს მუფთის მოადგილე რეზო მიქელაძემ.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 5 ოქტომბერს დაიწყო და 6 ოქტომბერს დასრულდა. მისი მიზანი საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა, კვლევა და ქვეყნის დეკომუნიზაციაში წვლილის შეტანაა.

