ვითარება უკრაინაში – ბოლო დღეების შეჯამება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 29-ჯერ გაუხსნეს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. გენშტაბის ცნობით, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიასა და ხერსონის რაიონების 90-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.
გენშტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას აღწევენ ზაპოროჟიეს რაიონის ვერბოვოის დასავლეთით მდებარე რაიონებში. ასევე, უკრაინელი ჯარისკაცები ახორციელებენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას აღწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „ჯიპას“ პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინაში 5-9 ოქტომბრის შეჯამებას აკეთებს:
-რუსული ნაწილები მაქსიმალურად აქტიურობენ ხარკივის ოლქის მიმართულებით. დაიბომბა ქალაქი ხარკივი, სასაზღვრო დასახლება ვოვჩანსკი, დასახლება ჰროზა და კუპიანსკი. სამიზნეები ყველა შემთხვევაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. ყველა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი სასაუბრო ენა რუსულია. რუსი პროპაგანდისტები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთს მათი კოლაბორაციის იმედი ჰქონდა და ამის ვერმიღწევის გამო შურისძიების აქტები გრძელდება. ესაა ე.წ. „რუსული მშვიდობა“ და „რუსული მსოფლიო“. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსულ იერიშებს. კუპიანსკის მიმართულებაზე რუსული დანაყოფები, ბოლო დღეებია, კვლავ ძალიან გააქტიურდნენ. იბომბება არა მხოლოდ ქალაქი კუპიანსკი, არამედ მდინარე ოსკილზე გადასასვლელი ყველა ხიდი. რუსების ამოცანა, როგორც მინიმუმ, ფრონტის ხაზის ამ მდინარეზე გატარებაა. მიუხედავად ინტენსიური დაწოლისა, რუსებმა წინსვლა ვერ შეძლეს, თუმცა მცდელობის პროცესში რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და ათეულობით ცოცხალი ძალა დაკარგეს. ამ პერიოდის განმავლობაში არც უკრაინელები ისხდნენ გულხელდაკრეფილები – კარგად აქვთ გამაგრებული მათ ეს მიმართულება. ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქების საზღვარზე მდებარე მაკიივკას მიმართულება საბრძოლო მოქმედებების კიდევ ერთი საკვანძო წერტილია. კუპიანსკისაგან განსხვავებით, ამ მონაკვეთში რუსულმა ნაწილებმა რამდენიმე ასეული მეტრით მოახერხეს წინსვლა. მდელოები დანაღმულია, უკრაინული წინააღმდეგობა – დიდი, ამიტომ რუსული შეტევა სწრაფად ვერ ვითარდება. დასახლება მაკიივკა კვლავ უკრაინელთა ხელშია. უკრაინელები კვლავ გააქტიურდნენ ბახმუტის სამხრეთით. კლიშჩიივკასა და ანდრიივკას შორის უკრაინელებმა აღმოსავლეთით რკინიგზის გასწვრივ რამდენიმე მიმართულებაზე წამოიწყეს იერიში. სავარაუდოა, რომ მათი ამოცანა ოდრადივკას გათავისუფლება და ბახმუტის მომიჯნავედ მდებარე ოპიტნეზე სამხრეთიდან შემოვლაა. ყირიმის ყოველდღიურ რეჟიმში დაბომბვა გრძელდება. სევასტოპოლი, ევპატორია, საკი და ჯანკოია უკრაინული იერიშების პერიოდული სამიზნე. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა აქტიურია, ინტენსიური დარტყმების გამო ყველა დრონისა თუ რაკეტის განეიტრალება ვერ ხდება. ბოლო ერთ კვირაში სამხრეთში უკრაინულმა არტილერიამ საარტილერიო დუელში რუსული ტექნიკა, პრაქტიკულად, დაჯაბნა. უკრაინელები ისვრიან ყველა ტიპის საარტილერიო დანადგარიდან. ზოგიერთ მონაკვეთზე რუსებს ე.წ. „ჭურვების შიმშილი“ დაეწყოთ. ეს ამ ეტაპზე ხელშესახებ წარმატებად არ ჩათვლილა, მაგრამ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ, – ამბობს გიორგი კობერიძე.