ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტურნირი – შუახევში
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14
თანამედროვეობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვლადიმერ მახარაძის უანგარო საქმიანობას სათანადო პატივს მიაგებენ. მრავალ ღონისძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ქართულ ჭიდაობაში მისი სახელობის ტურნირის დაწესება.
წელს ამ სპორტულ პაექრობას შუახევის სასპორტო სკოლის დარბაზმა უმასპინძლა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, მეცნიერის, აბუსერისძე ტბელის სახელობის პრემიის ლაურეატის, ფარმაციის დოქტორის, პროფესორ ვლადიმერ მახარაძის სახელობის ტრადიციული ტურნირის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს რაჭასა და გურიაში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.
სპორტული პაექრობა 2006-2008 წლებში დაბადებულ ნორჩ ფალავანთა შორის ჩატარდა. იგი გახსნა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, რომელმაც ვლადიმერ მახარაძეს მადლობის სიგელი გადასცა.
ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, ვლადიმერ მახარაძის ძმა ზურაბ მახარაძე.
ტურნირი 6 წონით კატეგორიაში ჩატარდა. 50-55-60-66-73 და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ტაკიძე (შუახევი); საბა ხიმშიაშვილი (შუახევი); რეზიკო ბასილაძე (ქედა); ბაჩანა ცინცაძე (ქედა); ომარ აბაშიძე (ქობულეთი); ლუკა ნაკაშიძე (ქედა).
გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე შუახევის, მეორეზე – ქედის და მესამეზე – ქობულეთის ქართული ჭიდაობის ნაკრები გუნდები გავიდნენ. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მედლებით, თასებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ტურნირი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.