შვილები მოძალადეებად რომ არ გავზარდოთ. . .
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
ბოლო პერიოდში მოზარდებს შორის ძალადობის გახშირებულმა ფაქტებმა ცხადყო, რომ აუცილებელია, განათლების სისტემამ, სკოლამ, მეტად იფიქროს მის გამომწვევ მიზეზებზე და ეძებოს პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზები.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მოზარდზე ძალადობის ამსახველი ვიდეო, რასაც, ბუნებრივია, როგორც საზოგადოებისგან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოჰყვა რეაქცია და შესაბამისი ზომები გატარდა. შს სამინისტრომ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ მსგავსი ვიდეოების ატვირთვისგან. სოციალურ სივრცეში გამოითქვა მოსაზრება, რომ ასეთი ფაქტების გასაჯაროებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობის წახალისება. გთავაზობთ ბავშვთა ფსიქოლოგ ხატია გუჯაბიძის პოზიციას, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, ან ნებისმიერი ადამიანი, ვინც ძალადობას შეესწრება. ასევე, საინტერესოა მისი აზრი იმასთან დაკავშირებით, პირდაპირ, სოციალურ ქსელში მოზარდზე ძალადობის ჩანაწერის გავრცელებამ, რა ზიანი შეიძლება მოახდინოს თავად მოზარდზე.
– მოზარდობის პერიოდი თავისებურებებით გამოირჩევა, რომელსაც სირთულეები და, ხშირ შემთხვევაში, ფსიქიკური პრობლემები ახლავს. აღნიშნულის გადალახვას მშობლის მხარდაჭერა და უპირობო სიყვარული სჭირდება. გარდამავალ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია შვილთან მეგობრობა. ეს ის დროა, როცა მშობელი უნდა დაბრუნდეს წარსულში და თავისი შეუსრულებელი გეგმებისა და ინტერესების კომპენსაცია კი არ მოსთხოვოს შვილს, არამედ გაიხსენოს თავისი შფოთვა, რეალური მოთხოვნილებები, სურვილები, გამოუთქმელი აზრები და ემოციები. იყოს შვილის ტოლი და სწორი, არ მოუყვეს, – აჩვენოს, არ აკრიტიკოს, – დაეხმაროს, იყოს მაგალითი და დაივიწყოს დირექტიული მიდგომები. ზოგადად, თეორია მარტივია, პრაქტიკაში განხორციელება კი ძალიან რთული. მოზარდის სურვილი, ახირება, დარდი და შფოთვა მოსმენილი, გააზრებული და მხარდაჭერილი უნდა იყოს როგორც მშობლისგან, ასევე აღმზრდელისგან. რთულია დღევანდელ სოციუმში გაატარო ბავშვის თამამი გადაწყვეტილებები, რომლებსაც ხშირად საკუთარი თავის ძიების პროცესში იღებს და არ გახდე სტერეოტიპების მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ მისი განვითარების ამ გზაზე უნდა შევძლოთ, ვიყოთ ჯანსაღი და ბედნიერი მოზარდების სადარაჯოზე. რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ძალადობის ფაქტს შევესწრებით, ამგვარი, თითქოსდა ძალადობის პრევენციის მიზნით გაშუქებული ამბები შეიძლება, დამატებითი ტრავმა იყოს მოზარდისთვის. ის, რაც ვიწრო სოციუმში მოხდა (ჩაგვრა, დამცირება, ძალადობა) ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომი მასალაა განსჯისა და კრიტიკისათვის. ჟურნალისტი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ძალადობის ფაქტს შეესწრება და ვიდეოს ან ფოტოს ატვირთავს სოციალურ ქსელში, უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის უფლებათა კონვენციას და კონფიდენციალურობის ფარგლებს არ სცდებოდეს.
– რა ზომებს უნდა მიმართონ მშობლებმა, რა ტიპის კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ შვილებთან, რათა ბავშვმა არ დამალოს მასზე ძალადობის, ბულინგის შემთხვევები?
– ჯანმრთელი ოჯახური გარემო, მეგობრობა და შვილის ყოველდღიურობაში ჩართულობა არის საფუძველი ჯანსაღი უკუკავშირისა. ცხადია, არ ვგულისხმობ ჰიპერმზრუნველობასა და მისი პირადი სივრცის დარღვევას, რაც მშობლის ხშირი შეცდომაა. ტყუილი და სხვადასხვა ფაქტის დამალვა, გამოუთქმელობა ხშირად მშობლის ბრალია. შვილს არ უნდა ჰქონდეს მშობლის რეაქციის შიში, დასჯის, აკრძალვის მოლოდინი. განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ყველა სიტყვას, რაც მას დააფრთხობს და აიძულებს, დამალოს სიმართლე. ჩვენი მხრიდან თუნდაც შვილის თანატოლის კრიტიკა და შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი შვილებისათვის.
– რა პრევენციული ზომები შეიძლება მიიღოს სკოლამ, რომ მოზარდები არ ძალადობდნენ ერთმანეთზე? თითქმის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას ჰყავს ფსიქოლოგი, მანდატური, თუმცა, მაინც ხშირია ბულინგის შემთხვევები სასკოლო სივრცეში. მოზარდებს უჭირთ სწორი კომუნიკაცია პედაგოგებთანაც . . .
– სკოლის როლი ძალიან დიდია მოზარდის განვითარების პროცესში ძალადობის ყველაზე ხშირი ფაქტები, სტატისტიკურად, სკოლებშია. ბულინგი ახალი ტერმინია, თუმცა, ყველა ჩვენთაგანი არის მომსწრე სკოლაში მსგავსი ფაქტებისა. ახლა მშობელმა და ბავშვმა უკეთ იციან თავიანთი უფლებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სკოლაში უნდა სუფევდეს ისეთი ატმოსფერო, რომ მჩაგვრელმა იცოდეს, მისი ქცევა ამ გარემოში ამ საზოგადოებისთვის მიუღებელია, ასევე მსხვერპლმაც უნდა იცოდეს, რომ მას მოუსმენენ და მხარს დაუჭერენ. მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედის პედაგოგი, ფსიქოლოგი, მანდატური, დირექტორი და ყველა ის, ვინც ბავშვის განათლებაზე ზრუნავს, უნდა იდგეს მორალის, სამართლიანობის სადარაჯოზე და ბავშვის ფსიქოემოციური განვითარების გარანტი იყოს.
– რა შემთხვევაში უჩნდებათ მოზარდებს სხვაზე ძალადობის სურვილი? აქვს თუ არა ამას ოჯახში ან სხვა გარემოში წინაპირობები?
– ძალადობა შობს ძალადობას. სად და რა პირობებში იზრდება ბავშვი, იყო თუ არა ის ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, დამცირება, პიროვნების დაკნინება, შეფასების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მშობელს ჰგონია, რომ უმნიშვნელოა, ქვეცნობიერში ტოვებს წარუშლელ კვალს, აღვივებს შურისძიების სურვილს არა მოძალადეზე, არამედ მასზე სუსტ რგოლზე და ამით გამარჯვებისა და უპირატესობის არაჯანსაღ შეგრძნებებს აჩვევს.
– შეიძლება თუ არა მოძალადე ბავშვი რადიკალურად შეიცვალოს ზრდასრულობაში და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდეს?
– ადამიანის განვითარება ძალიან ინდივიდუალურია. წარსულის გამოცდილება ავითარებს, აკეთილშობილებს ან აბოროტებს ადამიანს. გავიმეორებ, რომ თუ დროულად იქნება აღმოჩენილი მოზარდის არაჯანსაღი მიზნები, სურვილები, მისწრაფებები, არასასურველი გარემო და მეგობრები, ასევე, თუ დროულად ჩავრთავთ სპეციალისტებს, კეთილსაიმედო შედეგის ალბათობა დიდია.