წიგნისკაცი
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
ორთაბათუმში დაიბადა და გაიზარდა მალხაზ ფაღავა – ბათუმელთათვის, და არა მარტო მათთვის, გამორჩეული და საყვარელი ადამიანი, ქართული წიგნის ნამდვილი ამაგდარი.
1997 წლიდან, აგერ უკვე 26 წელია, წიგნის გამოცემის საქმეს ემსახურება ჯერ გამომცემლობა „აჭარაში“, 2017 წლიდან კი აჭარის მწერალთა სახლში. ასობით გამოცემულ წიგნზე მითითებულია, რომ წიგნის ტექნიკური რედაქტორი, დამკაბადონებელი და დიზაინერია მალხაზ ფაღავა. წიგნების იერსახე რომ მოწონებით სარგებლობს, სწორედ მისი დამსახურებაა, ამ პროფესიონალიზმს კი მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი სიყვარული ასაზრდოებს.
მალხაზ ფაღავას ეს მოსაწონი თვისებები ბავშვობიდან იღებს სათავეს. დედამ – უსათნოესმა ქალბატონმა აიშემ და ორთაბათუმის ბუნების სიმშვენიერემ პატარაობიდანვე გაუღვივეს მას სიყვარულისა და სიკეთის შეგრძნება, ცნობისწადილი სამყაროს შეცნობისა, მოგვიანებით წიგნებმა რომ გაუღრმავა. დღესდღეობით მალხაზ ფაღავას უმდიდრეს საოჯახო ბიბლიოთეკაში 10 000 წიგნია. მათგან ბევრია ავტორის ავტოგრაფით. აქ დაიდეს ბინა ქართული მწერლობის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა: თამაზ წივწივაძემ, ზაურ ბოლქვაძემ, მერაბ აბაშიძემ, თამაზ ჭილაძემ, ზურაბ გორგილაძემ, ფრიდონ ხალვაშმა, ლადო სეიდიშვილმა, შოთა ზოიძემ, ალექსანდრე სამსონიამ, მამია ვარშანიძემ, სანდრო ბერიძემ თავიანთი შემოქმედებით. დიდი სიყვარული და მადლიერებაა ჩაქსოვილი ახალი თაობის მწერლების – როი აბუსელიძის, მზია სალვარიძის, შორენა დოლიძის, ქალთამზე ანა სურმანიძის და სხვების ავტოგრაფებშიც, რომლებიც გულს უთბობს და სიკეთის რწმენას უღრმავებს. . . სწორედ ესაა მისი შინაგანი სიმტკიცისა და სიმშვიდის მასაზრდოებელი.
დიახ, წიგნი ანათებს ადამიანის სულს და სხვათათვის მიმზიდველს ხდის. ეს აზრი მალხაზმა ბევრს ჩააგონა, უნებლიეთ, რა თქმა უნდა. დავიმოწმოთ:
ლალი კონცელიძე, აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი:
– მალხაზი? ჭკუისკოლოფი, ყველა იცნობთ, ყველამ იცით, მაგრამ მაინც ვიტყვი: მახოზე ბაჯაღლო ადამიანი დედამიწაზე არ დადის.
მარი კორინთელი, გამომცემელი, მთარგმნელი:
– იშვიათად შემხვედრია მალხაზისთანა ერთგული, შრომისმოყვარე, დაუზარელი და ჭკვიანი ადამიანი. ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს.
ანა ჩიბაშვილი, მწერალი:
– მალხაზ, გიორგი ლობჟანიძემ დამაბარა თქვენთან, გადაეცი, რომ სამუდამოდ შეყვარებული ვარ მასზეო.
ბევრი, ბევრი ემადლიერება, აფასებს მას, როგორც ქართული წიგნის ამაგდარს, ადამიანს, რომელიც თავის საუცხოო უნარებს არ იშურებს, რომ წიგნი ჩვენს ცხოვრებაში ლამაზად დამკვიდრდეს. ამ დაფასების რეალური გამოხატულება იყო ისიც, რომ შარშან ბათუმის მუნიციპალიტეტმა წლის კულტურის მუშაკის წოდება მიანიჭა.
ახლა? ზის კომპიუტერთან მწერალთა სახლის საგამომცემლო განყოფილებაში და ახალ წიგნებს აკაბადონებს, იერ-სახეს უქმნის, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, მათში თავის სულს აქსოვს. . .
თანამედროვე ნაბეჭდი წიგნი ხომ დიდი გამოცდის წინაშეა – ის უნაკლო უნდა იყოს, რომ ციფრულ რეალობაში არსებობა შეძლოს.
– მე წიგნების სამყაროში ვისვენებ და თავს კარგად ვგრძნობ, – გვითხრა მალხაზმა და ამიტომაც რა გასაკვირია, რომ ხშირად ხედავენ წიგნის მაღაზიებში. . . უცხოელი და ქართველი მწერლების ახალგამოცემულ წიგნებს ყიდულობს და ინტერესით კითხულობს. ახალგაზრდებს კი ურჩევს: „წაიკითხეთ წიგნები, უკეთესები იქნებით!“

