შეხვედრა წარმატებულ მოჭადრაკეებთან
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმ მოჭადრაკეებს შეხვდნენ, რომლებიც ახლახან ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან მაღალი შედეგებით დაბრუნდნენ – საერთაშორისო დიდოსტატს სალომე მელიას, რომელმაც პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ ქალთა შორის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, კესარია მგელაძეს, რომელიც რუმინეთის ქალაქ მაიამიში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ოქროს მედლის მფლობელი გახდა და მარიამ ცეცხლაძეს, რომელმაც ამავე ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ კესარია მგელაძემ კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა. ის გუშინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ღია საერთაშორისო ტურნირზე ქალთა შორის პირველი ადგილი დაისაკუთრა.
მაია ხაჯიშვილმა და ირმა ნიჟარაძემ მოჭადრაკეებს მნიშვნელოვანი წარმატებები მიულოცეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
– დღეს კიდევ ერთხელ მივულოცეთ ჩვენს სახელოვან მოჭადრაკეებს ის მნიშვნელოვანი შედეგები, რაც მათ მიმდინარე წელს ჰქონდათ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენი მოჭადრაკეები იმ ღირსეულ ტრადიციებს, მნიშვნელოვან გზას აგრძელებენ, რომელიც საქართველოში ქართული ჭადრაკის სახელით ჩამოყალიბდა. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულად, ჭადრაკის მხარდაჭერის, ზოგადად, სპორტის მხარდაჭერის მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს შედეგები კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენი მხარდაჭერითა და მოჭადრაკეთა შრომით, წარმატებების მომტანი იქნება, – აღნიშნა მაია ხაჯიშვილმა.
– ასეთი შეხვედრები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შეჯიბრებების წინ, ისე მის შემდეგ. ეს წელი ძალიან წარმატებულია აჭარის ჭადრაკის ფედერაციისთვის როგორც დიდებში, ისე ახალგაზრდებსა და ვეტერანებში. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლო გეგმები, მიზნები, რომლებიც ბათუმში ჭადრაკის სასახლეს უკავშირდება, კიდევ უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს სპორტის ამ სახეობის მიმართ, მეტი ჩართულობაც იქნება და შედეგიც, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში, – გვითხრა საერთაშორისო დიდოსტატმა, მსოფლიო ჩემპიონმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ.
აჭარის სამი ახლგაზრდა მოჭადრაკე – კესარია მგელაძე, მარიამ ცეცხლაძე, ლულუ დიასამიძე ნოემბერში იტალიაში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე 14 წლამდე მოჭადრაკეებს შორის იასპარეზებენ.

