,,მე ის ვარ, რაც ვარ, და კმაყოფილი ვარ”
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
მიიჩნევს, იყო ხელოვანი ნიშნავს, თვალი გაუსწორო რეალობას და ხმამაღლა თქვა შენი სათქმელი, რომელიც შეიძლება ბევრისთვის სულაც არ იყოს მოსაწონი, მაგრამ საკუთარ თავთან იყო მართალი, ემოციებთან, რომლებისგანაც თუ არ გათავისუფლდი, შემდგომ მუდმივად შეგაწუხებს სინდისის ქენჯნა, რომ დააგვიანე, რომ შენ შეგეძლო და დაიღალე, ნიჰილიზმის განცდას მიეცი საშუალება, უფრო მძლავრად ყოფილიყო შენში, ვიდრე უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის ჟინს. გაზეთ `აჭარის~ სტუმარია მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ოთარ ქათამაძეა, რომელიც მუდმივად ცდილობს ბათუმისთვის, იმ ქალაქისთვის, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს, შექმნას ღირებული, მიიღოს ზღვა ემოცია და სხვებსაც გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებით დაუგროვდა.
– ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
– რთულია ამ შეკითხვაზე უნივერსალური პასუხის მოძებნა. ყველა სფეროში რაღაცას შევცვლიდი, ბევრს – არა, ცოტას. სინამდვილეში, ბევრი რამ მომწონს ჩემს ცხოვრებაში, ხოლო ის შეცდომები, ტრავმები და ტკივილი, რაც იყო, გარდაუვალია. ვფიქრობ, სხვა ცხოვრება რომ მქონოდა, სხვა ბარიერები მექნებოდა, შეიძლება უარესიც ყოფილიყო. ყველა ადამიანს თავისი განვლილი გზა (პოზიტივითა და ნეგატივით) აყალიბებს პიროვნებად. მე ის ვარ, რაც ვარ და კმაყოფილი ვარ. ბევრჯერ მიოცნებია სამყაროს შეცვლაზე, რამე სუპერძალის ქონაზე, რითაც მთელ დედამიწას შევარიგებდი, დავასრულებდი ამ გაუთავებელ ომებსა და ტრაგედიებს. . .
– ამ სამყაროში მოვედი იმისათვის, რომ. . .
– ვაკეთო, ის, რასაც სხვებს გავუზიარებ. ამიტომაც ავირჩიე ხელოვნების გზა, მინდა ყველას გავუზიარო ჩემი შემოქმედება. მინდა ვაკეთო ისეთი რამ, რაც ადამიანებს ოდნავ მაინც დააფიქრებს სხვადასხვა პრობლემაზე. შემოქმედება სათქმელის გარეშე არაფერია, ამიტომ მეც სულ მინდა, ხმამაღლა ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მიხარია თუ მტკივა. . .
– იყო ხელოვანი, ნიშნავს. . .
– იცხოვრო 1000 სიცოცხლით, ყოველ ჯერზე თავიდან დაიბადო და მოკვდე. . . ყოველ ჯერზე განიცადო ყველა გრძნობა და რაც მთავარია, იყო ყველაზე ცოცხალი, ყველაზე აქტუალური, ყველაზე გულწრფელი საკუთარი თავის, საქმისა და საზოგადოების წინაშე. იყო ხელოვანი ნიშნავს. გრძნობდე სამყაროს, არ გერიდებოდეს სიმართლის თქმის, იყო თავისუფალი და უმთავრესი – იყო ჰუმანური, გიყვარდეს ადამიანი.
– რა გამოწვევების წინაშეა ხელოვნება და კულტურა დღეს საქართველოში?
– ხელოვნებას ებრძვიან, უნდათ მისი დამორჩილება. ბოლო მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ეს უკვე გამოცხადებული ომია. დღეს ორმაგი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ. წინა შეკითხვაზე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი, თუ რას ნიშნავს იყო ხელოვანი. ახლა მცირე კორექციას შევიტან და დავამატებ: დღეს საქართველოში იყო ხელოვანი, ასევე ნიშნავს, იყო მეომარი, რათა დაიცვა თავისუფლება ხელოვნებაში. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს დაიცვა ქვეყანა უზურპაციისგან და დიქტატისგან. აქვე ვიტყვი, რომ ეს ომი წაგებული აქვთ, რასაც მალე ვიხილავთ.
– სოციალურ ქსელში, ასევე, პირად საუბრებში დაგიფიქსირებიათ, რომ ხშირად თქვენს მოსაზრებებს კრიტიკულად აღიქვამენ და ამის გამო გარკვეულ ბარიერებს აწყდებით. . .
– სფეროს განვითარებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკა საკმაოდ ძლიერი წამალია, მაგრამ ამათთვის კრიტიკა საკუთარი სკამების დაკარგვის შიშთან ასოცირდება. ამიტომაც გადმოდიან შეტევაზე საკმაოდ ბინძური ხერხებით, ადამიანების გაშავებით და ა.შ. დღეს ყველა კარია მოხურული, ისინი, ვგულისხმობ მთავრობას, არ არიან მზად კითხვებზე პასუხების გასაცემად, რადგან პასუხები არ აქვთ. ბათუმში ბევრ ხელოვანს გაუჩერეს პროექტები, მე რამდენიმე პროექტის დაფინანსება შემიწყვიტეს, საერთაშორისო ფესტივალების, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკის გამო. სხვა მაგალითებიც ბევრია. ყველა ფინანსური რესურსი თავის მეხოტბეებს მოახმარეს. ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ჰგონიათ – ვისაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ, იმას დააფინანსებენ. სინამდვილეში, ეს ჩვენი ფულია, მათ შორის, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის გადასახადებით გადახდილი ფული. სინამდვილეში, თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, რომ მოესმინათ ჯანსაღი კრიტიკა, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდით ერთად (იგულისხმება საზოგადოება), მაგრამ მშიშრები აღმოჩნდნენ და სკამებისთვის დაიწყეს ბრძოლა.
– რას ნიშნავს ბათუმი და ბათუმელობა თქვენთვის?
– არაერთხელ მითქვამ, რომ ეს ქალაქი არის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ქალაქი მხოლოდ ქუჩები, სახლები, პარკი და ბულვარი არაა, მთავარი ადამიანები არიან მოგონებებიაა, შეგრძნება რომ შინ ხარ. მე ვერ შევძლებდი ჩემი პროექტების განხორციელებას, რომ არა ეს ქალაქი, რომ არა ის ადამიანები, რომლებიც გვერდით მედგნენ და სჯეროდათ ჩემი. ფესტივალებისთვის ყოველთვის ძალიან მცირე თანხები მქონდა, ბევრი რამ ენთუზიაზმით კეთდებოდა, ეს ადამიანები და მათი დახმარება რომ არა, ვერაფერს შევძლებდი. ამ პატარა ქალაქში ყველა ერთმანეთს იცნობს და საერთო საქმისთვის ადვილია თანამოაზრეების გაჩენა.
– რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ როლად ცხოვრებაში?
– მთავარი როლი ის არის, რომ ვარ მამა ორი ულამაზესი გოგონასი, რომლებიც არიან ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანები. მშვენიერი და მათზე გენიალური არაფერი შემიქმნია. ძალიან ვამაყობ ჩემი შვილებით.
– როგორი მამა ხართ, როგორ ატარებთ დროს შვილებთან?
– მეგობრული. ვცდილობ, მათთან ბოლომდე გულწრფელი ვიყო, ვესაუბრები ჩემს პრობლემებზე, საქმეებზე, წინააღმდეგობებზე, აქციებზე ერთად ვდგავართ, გვაქვს ღია და გულწრფელი საუბრები. ძალიან გამიმართლა და ბედნიერი მამა ვარ. სამწუხაროდ, ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ბევრ დროს ვერ ვატარებ შვილებთან, მაგრამ ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ მეტად გადავერთო მათზე.
– ახალგაზრდების ხმა დღეს. . .
– საოცარი ახალგაზრდები მოდიან. მათ იციან, რა უნდათ, როგორ უნდათ და საით უნდათ. თავისუფლებაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. დღეს ჩემი თაობა უნდა დადუმდეს, მათ უნდა მოვუსმინოთ. გაცილებით უკეთ და პროგრესულად აზროვნებენ. გულანთებულები. ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ მათი ხმა ყველაზე ხმამაღალი და ყველაზე მართალია. მალე ისინი გააკეთებენ არჩევანს პროგრესსა და რეგრესს შორის და ღმერთი არავის გაუწყრეს წინ არ გადაუდგეს მათ, პირიქით, უფროსი თაობა უნდა გაერთიანდეს და მათ ზურგი გაუმაგროს. ჩვენი მომავალი საიმედო ხელშია და მე ეს მამშვიდებს.
– მინდა გკითხოთ ქართულ დრამატურგიაზე. ამ კუთხით, რამდენად გაქვთ მრავალფეროვანი არჩევანი რეჟისორებს?
– ქართული დრამატურგია დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს. დღემდე არ არსებობს მისი სტრატეგია, არ არის ფაკულტეტები. არავინ ასწავლის და არც სახელმწიფო ზრუნავს მის განვითარებაზე. ამ სფეროს წახალისება სჭირდება. მონოდრამის ფესტივალის მიზანი, სწორედ, დრამატურგიის განვითარება იყო. 9 წლის განმავლობაში არაერთი დრამატურგი აღმოვაჩინეთ და გავაცანით საზოგადოებას. ათობით ახალი პიესა იქმნებოდა ყოველწლიურად. ეს სისტემური საკითხია, აქ ერთდროულად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო, თეატრი და კერძო სექტორი. საჭიროა სტრატეგიის შექმნა და წლების მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ქართული დრამატურგიის გარეშე ვერ განვითარდება ქართული თეატრი. ბუნებრივია, სანამ ზემოთ ჩამოთვლილი ღონიძიებები არ გატარდება, მანამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული დრამატურგია ვერ ვითარდება.
– ბათუმური ემოცია, რომელიც სულ თან გდევთ. . .
– სიმყუდროვე.
– ჰობი, ინტერესი?
– ადრე ძველი ტექნოლოგიით წიგნებს ვკინძავდი, დაზგაც კი მქონდა გაკეთებული და ეს საქმიანობა ძალიან მომწონდა. მოუცლელობის გამო შევეშვი, ახლა ცოტა დრო გამომითავისუფლდა და ალბათ ისევ დავიწყებ.
– რა პროფესიულ სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან უახლოეს მომავალში?
– ამჟამად ოპერის `ჯადოსნური ფლეიტა~ დადგმაზე ვმუშაობ და ნოემბრის ბოლოს მუსიკალურ თეატრში გვექნება პრემიერა. შემდეგ თბილისში მივემგზავრები ახმეტელის თეატრში ახალ სპექტაკლზე სამუშაოდ. წელსვე დაგეგმილი მაქვს კიევში საკუთარი პიესის დადგმა. შესაძლებელია, წელს პირველად დავდგა ბათუმის დრამატულ თეატრში სპექტაკლი.
– ყველაზე დიდი პროტესტი. . .
– ესაა პროტესტი საკუთარ თავთან. პროტესტი კრიტიკა ან ეჭვი არ არის, პროტესტი კონკრეტული შეცდომების გამო ხდება. ხშირად ვიჭერ საკუთარ თავს შეცდომებში და ხშირადაც ვუპროტესტებ-ხოლმე.
– ის, რაც ყველაზე მეტად გენატრებათ ბავშვობიდან. . .
– სილაღე, სიმშვიდე, თავგადასავლები, ამბიციები, არარეალური ოცნებები (რეალური ოცნებები ავიხდინე), სამყაროს შეცნობის ცხოველური ჟინი. მოკლედ, ბევრი ის თვისება, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე ცოტათი გაფერმკრთალდა. მაგრამ, მე ვიცი ხოლმე ყველაფრის განულება და მოულოდნელად ახალი ცხოვრების დაწყება, რაც მიღვიძებს გაფერმკრთალებულ გრძნობებს და ახალი ენერგიით ვივსები, თითქოს თავიდან ვიბადები.
– მუსიკის როლი. . .
– მუსიკა ერთადერთია ხელოვნებაში, რომელიც მხოლოდ ყურით აღიქმება და ვერაფრით ვერ ვხსნი, კონკრეტულად, რა ჯადოქრობით ამიშლის ხოლმე ვნებებს და ემოციებს. მიმაჩნია, რომ მუსიკა ენაა, რომლის მეშვეობით ყველას შეგიძლია ელაპარაკო, უცხო პლანეტელებსაც კი.
– რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ?
– ცვლილებები! მსურს ჩემი ქვეყანა იყოს ისეთი, სადაც ადამიანები ერთმანეთს პატივს სცემენ, სადაც განათლება უპირველესია, სადაც ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნებულია, სადაც ადამიანები ყველაზე დაცულად გრძნობენ თავს, სადაც გაჭირვება აღარ არსებობს. არადა, ეს შესაძლებელია. ჩვენ არც ისე ბევრნი ვართ, პატარა ქვეყანა გვაქვს. უბრალოდ, უნდა შევძლოთ, უნდა გადავრჩეთ!

