ღორჯომის ხეობის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისთვის
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარე ღორჯომის ხეობა 16 სოფელსა და 2800 მოსახლეს აერთიანებს. ღორჯომი გამორჩეულია მთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით – ძველი წესით ნაშენები კოლორიტული ოდა სახლებით და 150 წლის უნიკალური ხის მეჩეთებით, რომლებიც საქართველოში რელიგიური უმცირესობის კულტურული თვითმყოფადობის სრულიად განსხვავებული და ავთენტური ნიმუშებია. ხეობის ერთ-ერთი მახასიათებელია ცხენის ყოლის ტრადიციაც, რაც დამატებით მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის. ღორჯომი, ასევე, ხასიათდება შთამბეჭდავი ლანდშაფტით, კასკადოვანი ჩანჩქერებით და მრავალფეროვანი საფეხმავლო მარშრუტებით – იდეალურია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ამას ემატება გასტრონომიული კულტურა, ადგილობრივი კერძების ვრცელი ასორტიმენტი და უაღრესად საინტერესო უძველესი ადათ-წესები, მოცემული ღირებულებების კომპლექტი კი ღორჯომის ხეობაში ტურიზმის განვითარებისთვის ფართო შესაძლებლობებს ხსნის. ღორჯომი მჭიდროდ დასახლებული ხეობაა, სადაც რთული რელიეფი და მიწის მცირე რესურსი სამეურნეო საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს არ იძლევა, აქედან გამომდინარე, ალტერნატიულ შემოსავლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა სწორედ ტურიზმის განვითარებაა, რაც აგროსაქმიანობის პარალელურად, დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნის და მოსახლეობას ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევაში შეუწყობს ხელს. იმავდროულად, აქტიური ტურისტული პლატფორმის ამოქმედება, ადგილობრივ თემს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, საკუთარი ეთნოკულტურული ტრადიციებისა და სპეციფიკის ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს, ახალი სოციალური კონტაქტების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
ზემოთ აღნიშნული საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია „მწვანე სექტორი“ საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს – „ღორჯომის ხეობის მეგზურთა კლუბი“, რომლის მიზანია ღორჯომის ხეობის ტურისტული პოტენციალის ფართოდ წარმოჩენა და პოპულარიზაცია. მოცემული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, მედიაორგანიზაციების (პრესა, ტელევიზია, რადიო, ონლაინპლატფორმები) და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ღორჯომის ხეობაში მოეწყო საინფორმაციო ტური, რომელიც მოიცავდა თემატურ სემინარსა და სადემონსტრაციო ვიზიტებს. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ღორჯომის ხის მეჩეთი, ხეობაში შემორჩენილი ძველი წესით ნაშენი აჭარული სახლები, ეწვივნენ მზევინარ ირემაძის სახელოსნოს და გაეცნენ ღორჯომელი ქალების მიერ შექმნილ ხალხური რეწვის ნიმუშებს – აჭარულ ნაქარგობებს. თემატური სემინარის ფორმატში „მწვანე სექტორის“ ხელმძღვანელმა ილია გუჩმანიძემ და პროექტების კოორდინატორმა ციალა ქათამიძემ დეტალურად განიხილეს ღორჯომის ხეობაში კულტურულ-შემეცნებითი, სათავგადასავლო და საცხენოსნო-სპორტული მარშრუტების ამოქმედების შესაძლებლობები და ამ კუთხით არსებული ტურისტული პოტენციალი. „მწვანე სექტორის“ მხარდაჭერით, სოფელ ღორჯომში, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის ბაზაზე გაიხსნა მეგზურთა კლუბი, რომელიც შეასრულებს საინფორმაციო ცენტრის, ვიზიტიორთა ჰაბის ფუნქციას, ტურსააგენტოებს, გიდებს და ინდივიდუალურ სტუმრებს შეეძლებათ აღნიშნულ კლუბთან დაკავშირება, ხეობაში სტუმრობა და შესაბამისი ტურისტული მარშრუტებით სარგებლობა.
– პროექტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო ტური, რომელშიც მონაწილეობდნენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, გიდები და ჟურნალისტები. ჩვენი მიზანია, მათ გავაცნოთ ის რესურსები, შესაძლებლობები, სავარაუდო მარშრუტები, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ ღორჯომის ხეობაში დაინერგოს. ამ ხეობას გააჩნია ტურიზმის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი, რომელსაც სჭირდება ათვისება, დახმარება როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, ასევე, საინფორმაციო თვალსაზრისით. ჩვენ მოვამზადეთ ღორჯომის ხეობის პროგრამა, რომელიც მოიცავს დეტალურ აღწერას იმ შესაძლებლობებისა და რესურსებისა, რაც ხეობას გააჩნია ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე, განსაზღვრულია კულტურულ-რელიგიური, შემეცნებითი, სათავგადასავლო მარშრუტები, რომელთა ამოქმედების შესაძლებლობა ხეობას გააჩნია. ტურიზმის განვითარება ღორჯომში, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმას, რომ ხეობის კულტურული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ეთნოკულტურული ელემენტები მაქსიმალურად ფართოდ წარმოვაჩინოთ საზოგადოების წინაშე, და მეორე მხრივ, ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური შემოსავლის წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი თანმდევი შედეგების მომტანი იქნება და ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი თემის განვითარებას, ასევე, ზოგადად, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებას, – გვითხრა ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ თავმჯდომარე ილია გუჩმანიძემ.
პროექტი – „ღორჯომის ხეობის მეგზურთა კლუბი“ ხორციელდება ორგანიზაცია „მწვანე სექტორის“ მიერ, ღორჯომის ახალგაზრდულ ორგანიზაცია „ნაომართან“ თანამშრომლობით. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში.

