ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში ნახევარ მილიონამდე ადამიანი წავიდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
ისრაელის თავდაცვის ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის ონფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაურის, ორგანიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის ოსამა მაზინის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათი ინფორმაციით, ოსამა მაზინი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ ადამიანებზე და ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტულ ქმედებებს ხელმძღვანელობდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ღამით ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა. თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.
***
აღსანიშნავია, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა. „ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ ეს არის დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი“, – აღნიშნა პრესსპიკერმა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ტერიტორია დატოვონ და სამხრეთში გადავიდნენ, რის შემდეგაც პალესტინელების ნაკადი სამხრეთისკენ დაიძრა. ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობა დაახლოებით 1.1 მილიონ ადამიანს შეადგენს.
***
სამხრეთ ღაზას თავშესაფრის მაძიებელთა საჭიროებების დაკმაყოფილებაც უჭირს. თავშესაფრები გადატვირთულია და საკვების, წყლისა და საწვავის მნიშვნელოვანი დეფიციტია.
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ „ჰამასის“ ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს.
-„ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, პალესტინელ ხალხს წარმოადგენს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა აბასმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან საუბარში. აბასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში და დაუყოვნებლივ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნით სამედიცინო მარაგით, წყლით, ელექტროენერგიით და საწვავით უზრუნველყოფით. ამასთან, მისი თქმით, ღაზიდან პალესტინელების გადასახლება პალესტინელი ხალხისთვის მეორე კატასტროფას წარმოადგენს.
***
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ ისრაელს, გააკეთოს ღაზაში ყველაფერი, რასაც მოისურვებს. უახლოეს საათებში შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას. ყველა ვარიანტი ღიაა და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ღაზაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ. წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია აწარმოოს გრძელვადიანი ომი მტერთან” – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტი მხოლოდ ლიბანში „ჰეზბოლით“ არ შემოიფარგლება. „ეს ფრონტი ჩამოყალიბდა მთელ რეგიონში, რათა შეინარჩუნოს ერების დამოუკიდებლობა და დაუპირისპირდეს სიონისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიას“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
***
ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფები ინფორმაციას ავრცელებენ, რომ
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონა ეგვიპტიდან რაფაჰის გამშვები პუნქტისკენ გაემართა.
„ჩვენ ტერმინალში მივედით და ახლა შემდეგ ნაბიჯს ველოდებით“, – განაცხადა, ერთი-ერთი ჰუმანიტარული ჯგუფის წარმომადგენელმა ჰება რაშედმა. ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელ-არიშიდან კიდევ ასობით სატვირთო მანქანა გაემართა რაფაჰისკენ. ამ დრომდე გაურკვეველი რჩება, გაიხსნება თუ არა რაფაჰის გადასასვლელი, რათა ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში შევიდეს.

