საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დეპუტატების ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო ჩავარდა. იმპიჩმენტისთვის ,,ქართულმა ოცნებამ“ საჭირო 100 ხმა ვერ მოაგროვა – ზურაბიშვილის გადაყენებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.
საკითხის პარლამენტში გადმოტანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია – ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
შეგახსენებთ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს – ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს – საფრანგეთის პრეზიდენტთან.