ანტონიო გუტერეში: ორი მილიონი ადამიანი იტანჯება წყურვილით, შიმშილითა და უმედიკამენტებოდ
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ ღაზის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები.
„ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ისინი რაც შეიძლება მალე მივიდეს დანიშნულების ადგილზე. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. იგია განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის“, – განაცხადა გუტერეშმა ეგვიპტეში, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან საუბრისას.
ანტონიო გუტერეში ხაზს უსვამს, რომ ღაზაში ორ მილიონ ადამიანს გადარჩენისთვის წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდება.
„აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის“, – აღნიშნა გუტერეშმა.
ანტონიო გუტერეში ეგვიპტეს დღეს ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, გუტერეში ხვალ კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ და რომელსაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

