ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას ყოველდღე სჭირდება შედეგი
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის ძალები ყოველდღე, მინიმუმ, 500 მეტრით უნდა წავიდნენ წინ.
– მთავარია ფრონტი, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი მოქმედებები, ჩვენი შედეგები, თითოეული მათგანის დახმარება, ვინც ახლა ბრძოლაში, საბრძოლო პუნქტებზე, პოზიციებზეა. უკრაინას ყოველდღე სჭირდება შედეგი – გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს, გაანადგუროს ოკუპანტები და წინ წაიწიოს თუნდ კილომეტრით, თუნდ 500 მეტრით, მაგრამ ყოველდღე წინ, უკრაინის პოზიციების გასაუმჯობესებლად, რათა ზეწოლა მოხდეს ოკუპანტებზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს აძლიერებს სახელმწიფოს და მთელ მსოფლიოს აძლევს მოტივაციას, რომ უკრაინას დაეხმაროს. ამასთან, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსები ვერაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დაარღვიონ უკრაინელების ნება – დაიცვან თავიანთი სახელმწიფო და დამოუკიდებლობა, ხალხის მზადყოფნა – იმუშაოს თავისი სახელმწიფოსთვის, მზადყოფნა – იბრძოლონ ისე, რომ მოსკოვს არასოდეს ჰქონდეს რეალური მიზეზი იმის იმედისთვის, რომ უკრაინა ოდესმე დაიშლება.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუსის (ჯიპა) პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს აჯამებს.
– ბოლო დღეებია, აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, განსაკუთრებით კი შენაკად კონკას აუზში. ბოლო დღეებია, უკრაინელები პოიმას სიახლოვეს, ჭაობებში გააქტიურდნენ. რუსები მოგონილ საგმირო ეპოსს აღწერდნენ, თითქოს უკრაინელებმა ბევრჯერ წარუმატებლად შეუტიეს დასახლებას, მაგრამ სინამდვილეში სამხედრო რეიდებთან გვაქვს საქმე. რეალურად, უკრაინელები რამდენიმე წერტილში ცდილობენ სიტუაციისა და მოწინააღმდეგის გამაგრებული პოზიციების შეფასებას, რაზეც რუსები საარტილერიო დარტყმებით პასუხობენ, თუმცა უკრაინელთა დაწოლა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსების სუსტი წერტილის აღმოჩენით ან ფოკუსის ერთი მიმართულებით მიცემით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ წერტილში შეიძლება, ისინი მართლაც, დიდი ძალებით გააქტიურდნენ. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, დონეცკის ოლქში, ავდიივკაზე იერიშში ჩაბმული რუსული დანაყოფების განეიტრალების ფონზე, რუსული დანაკარგები 90%-თაა გაზრდილი. ეს კი დიდი ციფრია. მიუხედავად ამისა, რუსული ქვეითი ნაწილები მაინც ცდილობენ ფლანგურ გადაადგილებას. შეტაკებებია ავდიივკას ინდუსტრიული სარტყელის მიმართულებით. მიუხედავად მცდელობისა, რუსებს წინსვლა, პრაქტიკულად, არ აქვთ. უკრაინელები ხუმრობენ, როდესაც კრემლში შეცდომას უშვებენ, გთხოვთ, ნუ შეაწყვეტინებთო. ამასთან, ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსების დანაკარგი 150-190 ათასს შორის მერყეობს. საუბარია მოკლულებსა და საბრძოლო მოქმედებებიდან პერმანენტულად გამოთიშულ დაჭრილ სამხედროებზე. თუკი მათ დაშავებულთა რაოდენობასაც მივუმატებთ (რომლებიც ფრონტზე დაბრუნებას ახერხებენ ან უკვე მოახერხეს), მაშინ ეს რიცხვი 290 ათასამდე შეიძლება გაიზარდოს. უკრაინელები აქტიურად ბომბავენ ქალაქ დონეცკში მდებარე რუსულ სამეთაურო შტაბებსა და სამხედრო პოზიციებს. ავდიივკაზე რუსული იერიშები სწორედ დონეცკიდან იმართება. უკრაინული არტილერია ბოლო დღეებია, ძალიან აქტიურად მუშაობს. ზაპოირიჟიას ოლქში რობოტინეს სამხრეთით და აღმოსავლეთით ბოლო 72 საათია, შეტევის ხელახალი მცდელობა აქვთ უკრაინელებს. ისინი ნოვოპროკოპივკასა და ვერბოვეს ერთდროულად უტევენ. ვნახოთ, ამ ახალი ტემპის შენარჩუნებას შეძლებენ თუ არა უკრაინელები. უკრაინელთა განცხადებით, რუმინეთი გახდა უკრაინული ხორბლის მთავარი გამტარი. ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ გამოიკვეთება, თუ როგორ პოზიციას დაიჭერს პოლონეთიც. 17 ოქტომბერს ზაპორიჟიას ოლქში, ქალაქ ბერდიანსკისა და ლუგანსკის აეროდრომების მიმართულებით უკრაინული იერიშის შედეგად რა რაოდენობის რუსული ტექნიკა იქნა განადგურებული, ჯერ კიდევ დავის საგანია. თუმცა, საუბარია 9 რუსულ შვეულმფრენსა და 15 დაზიანებულზე, – ამბობს გიორგი კობერიძე.