„შუახევობა“ შედგა, „საპატიო შუახეველები“აირჩიეს
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ოთხი ათეული წელია გასული იმ დროიდან, რაც შუახევში სახალხო დღესასწაული „შუახევობა” წამოიწყეს. ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელების მითითებით, იგი „სიმღერის დღესასწაულად“ მონათლეს. ბევრგან ანალოგიურად წამოწყებული სახალხო ზეიმები უკუაგდეს და იგი კომუნისტურ იდეოლოგიას, მაშინდელ რეჟიმს მიაწერეს. სიმღერის, ცეკვის, ხელოვნებისა და კულტურის და, რაც მთავარია, ეროვნული ადათ-წესების დამცველმა, მოყვარულმა და თაყვანისმცემელმა შუახეველებმა წამოწყება დროთა ლაბირინთებში გამოატარეს, მხოლოდ ცოტაოდენი სახეცვლილებით, და „შუახევობის“ სახალხო დღესასწაულად დაამკვიდრეს.
წუთისოფელს თავისი კანონები აქვს. მრავალი შუახეველი, დღესასწაულის წამოწყების წლებში, სცენაზე ხელოვნების ნიმუშებს რომ აჩვენებდა, უკვე ზეციურ საქართველოშია. სწორედ მათ გახსენებას ისახავდა მიზნად ფოტოგამოფენა, რომელიც წლევანდელ „შუახევობაზე“ შუახევის კულტურის მესვეურებმა მოიტანეს.
შუახევის რაიონის მაშინდელ პირველ პირს, „საპატიო შუახეველის“, „საპატიო ჭვანელის“ წოდებების მფლობელ მურმან ჭაღალიძეს გვერდით ედგნენ ვლადიმერ მამულაძე, შოთა მაკარაძე, ალექსანდრე ფუტკარაძე, მიხეილ ზოიძე, ამირან ბერიძე, ტარიელ ნიჟარაძე, ნუგზარ ფუტკარაძე, ალექსანდრე ჯიბლაძე, აბესალომ დათეშიძე, მიხეილ ზოსიძე. აისის ვარსკვლავებივით შეთხელდა ზეიმის წამომწყებთა რიგებიც. მათგან წლევანდელ „შუახევობას“ მხოლოდ შოთა მაკარაძე და ალექსანდრე ჯიბლაძე დაესწრნენ.
-ზეიმი რომ წამოვიწყეთ, შუახევის რაიონის ხელმძღვანელ სტრუქტურებში ვსაქმიანობდი. 1989 წლის ზამთარში განვითარებული სტიქიური პროცესების გამო მშობლიური ოლადაური და სათაყვანებელი შუახევი დავტოვე. საცხოვრებლად თბილისის შემოგარენში, კერძოდ, კრწანისში გადავედი. იმ დღიდან მოყოლებული, სამსახურიც იქვე გამოვნახე და 70 წელს გადაცილებული ისევ სახელისუფლებო რგოლებში ვსაქმიანობ. შუახევში მიმდინარე პროცესებს გულდაგულ ვაკვირდები, თუმცა ჩვენ მიერ წამოწყებულ ზეიმს ხშირად ვერ ვესწრებოდი. წელს საგულდაგულოდ მომიწვიეს. ალექსანდრე ჯიბლაძესა და სხვა თანამედროვეებთან ერთად ყველაფერს თვალი შევავლე. სახეშეცვლილი ვნახე ის ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც თითქმის 20 წელი ვიმუშავე. თაობების ოცნება იყო მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროს ათვისება და იქ სპორტული კომპლექსის მოწყობა. განა მარტო მე? ზეიმის ყველა მონაწილე „თეთრი შურით“ ვაკვირდებოდით თანამედროვე სტანდარტების შესაფერის სპორტულ არენას, დაბა შუახევის კეთილმოწყობილ ცენტრს, სარესტავრაციო ხარაჩოებჩამოხსნილ კულტურის სახლის შენობას და მის ირგვლივ გაკეთებულ ინფრასტრუქტურას.
მთავარზე უმთავრესი მაინც დაბის ცენტრში წამომართული ეკლესიის შენობაა, მაუწყებელი იმისა, რომ მშობლიური შუახევი და სათაყვანებელი შუახეველები ძირძველ მრწამსს უბრუნდებიან. მეგობრებთან ერთად ზეიმის დაწყებამდე ტაძარში შევიარეთ, მამა ანდრიასთან (ჩხუბაძე) ერთად სანთლები დავანთეთ, მოვილოცეთ, – გვითხრა შოთა მაკარაძემ.
გავუსწრებთ მოვლენებს და ჩვენი გაზეთის მკითხველებს ვაუწყებთ, რომ წლევანდელ „შუახევობაზე“ შოთა მაკარაძე, მათ რიგებში იყო, ვინც ცხოვრებით, შრომით, საზოგადოებრივი პოზიციით, პირადი საქმიანობით დიდი ამაგი დასდო შუახევს და „საპატიო შუახეველის“ წოდება დაიმსახურა. მას „საპატიო შუახეველის“ დიპლომი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
შემოდგომის ხვავ-ბარაქა, ადგილობრივთა ხელოვნება, კულინარიის მრავალსახეობა მოიტანეს ზეიმზე შუახევის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლებმა: მარინა დავითაძემ, ელენე ფუტკარაძემ, კვიახიძეებელმა თათული ზოიძემ, ფატი დიასამიძემ, ჭვანელმა როლანდ ქათამაძემ, შუახევის ქალთა ოთახის წევრებმა დარეჯან კილაძემ, მარინა ტარიელაძემ. „მარეთულა“ უწოდა თავის ნახელავ ყურძნის ნაჟურს პაპოშვილებელმა რევაზ ფუტკარაძემ.
ა(ა)იპ “შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების” ხელმძღვანელობამ, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერებმა და აღმზრდელებმა აღსაზრდელების თანხლებით წარმოადგინეს იმპროვიზაცია „შემოდგომა მთაში“. მათ ყურძნის დაწურვისა და ჩურჩხელების თათარაში ამოვლების პროცედურაც აჩვენეს.
ა(ა)იპ ” შუახევის სპორტული ცენტრის” დირექტორი რამინ ჯოიძე, ცენტრის მწვრთნელები და სპეციალისტები სპორტული თამაშობების წარმოდგენით იყვნენ დაკავებული. წლევანდელ „შუახევობას“ მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ნარდსა და შაშში გამარჯვებულები ჰყავდა. სპორტულ პაექრობებში 150-ზე მეტი ჭაბუკი და ქალიშვილი ჩაერთო.
ზეიმის წამყვანებმა, მწერალმა ვახტანგ გოგრაჭაძემ და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა მარიამ დავითაძემ სახელდახელო სცენიდან „შუახევობა“ გახსნილად გამოაცხადეს.
ზეიმის მრავალი მონაწილე იხსენებდა პირველ ზეიმს, როცა ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელ კიბეებზე შუახევის საშუალო სკოლასთან არსებული ბავშვთა ანსამბლის წევრებმა, ქორეოგრაფ სიმონ ფუტკარაძის ხელმძღვანელობით, „განდაგანა“ შეასრულეს. მაშინდელი მონაწილენი – რამაზ დავითაძე, ჯემალ, იაკობ, იოსებ ზოსიძეები, მაია დუმბაძე, იამზე, ივერი, ირაკლი აბაშიძეები დღეს თმაშევერცხლილები არიან. რამაზ დავითაძე კი ცნობილ ქორეოგრაფ გურამ ბოლქვაძეს ასისტენტობას უწევს შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის „ზე-კართან“ მუშაობაში. სწორედ რომ „ზეკარელებმა“, შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერის ანსამბლ „შუახევის“ წევრების თანხლებით, სცენაზე პირველად გამოიტანეს „განდაგანა“ სიმღერასთან ერთად. სიახლეებით წარსდგნენ მოზეიმეთა წინაშე შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული უხუცესთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ფესვების“ წევრები და რეგიონის პირველი პირის თორნიკე რიჟვაძის საჯარო შექება და მადლობა დაიმსახურეს.
პოზიციებს იმაგრებენ სატელევიზიო შოუ „ნიჭიერის“ ფინალისტები, ავთენტურ ანსამბლ „ჭვანის“ წევრები ტარიელ ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მათ და ფოლკლორულ ანსამბლ „მარეთის“ წევრებმა, ლოტბარ ავთანდილ დარჩიძის ხელმძღვანელობით, მოზეიმეებს ახალი რეპერტუარი შესთავაზეს. საინტერესო და მიმზიდველი იყო შუახევის სალოტბარო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეების, კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლ „ნაის“, ბენდ „117“-ის მიერ შესრულებული ფოლკლორული და მუსიკალური ნომრები. წამყვანებმა სცენაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძეს უხმეს. მან დამსწრეთ „შუახევობა“ მიულოცა, ყველას საჯაროდ მადლობა გადაუხადა ზეიმში მონაწილეობისთვის, ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შუახევში ბოლო წლებში სოფლების კეთილმოწყობის, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სოციალური ყოფისა და კულტურული ცხოვრების დონის ამაღლებისთვის კეთდება. აღნიშნა, რომ უმჯობესდება წყალმომარაგება, ტურიზმი ვითარდება. მერი არსებულ გამოწვევებსაც შეეხო და მიანიშნა, რომ ამ ეტაპზე დაუძლეველი და გადაულახავი ბარიერები არ აქვთ.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა სიტყვა გადასცა ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. „ძვირფასო შუახეველებო და შუახევის სტუმრებო, მსურს ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული -„შუახევობა-2023“, მშვიდობა, კეთილდღეობა გისურვოთ. საამაყოა შუახევში მიღწეული შედეგები, რომლებიც ყოველწლიურად ახალ მასშტაბებს იძენს. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, თვითმმართველობის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად ვზრუნავთ მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისთვის. მომავალი წარმატებების მიღწევისა და ეროვნული მეურნეობის ყველა დარგის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, აქ მცხოვრებ ადამიანებს ყველა პირობა ჰქონდეთ, რომ იცხოვრონ, იშრომონ ღირსეულად. მადლობას ვუხდი შუახევის ყველა მკვიდრს, ვისაც პირადი წვლილი შეაქვს იმ აღმშენებლობით პროცესებში, რომლებიც ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ვსარგებლობ შემთხვევით და „საპატიო შუახეველის“ წოდებას ვულოცავ ნომინანტებს. დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ ღირსეულად ატარონ ეს წოდება. გამორჩეულად მინდა ვთქვა უხუცესთა ფოლკლორულ ანსამბლ „ფესვების“ მიერ წარმოდგენილ რეპერტუარზე. ისინი, მართლაც, სულსა და გულს დებენ ფოლკლორული ნიმუშების გაცოცხლებასა და სცენაზე გამოტანისთვის. ვნახეთ, ასევე, ახალი თაობის მიერ შესრულებული ფოლკლორული და მუსიკალური ნიმუშები, რომლებიც ნიჭიერებით გამოირჩევა. „შუახევობა“ ერთიანობის, პატივისცემისა და, რა თქმა უნდა, ძველი და ახალი თაობების გაერთიანების ზეიმია. კიდევ ერთხელ მსურს, მოგილოცოთ დღესასწაული და წინსვლა გისურვოთ პირად ცხოვრებასა და ქვეყნის კეთილდღეობის გაუმჯობესებაში, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
„შუახევობა-2023“-ის მონაწილეებს მიესალმნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ამავე ორგანოში შუახეველთა რჩეული ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე. მისალმებასთან ერთად მათ და რეგიონის პირველმა პირმა მუნიციპალიტეტის საჯარო სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ბიზნესის სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ძალისმიერი სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული სარეკორდო მაჩვენებლებისთვის, განათლების, კულტურის დარგებისა და პოეტური, საზოგადოებრივი საქმიანობისთვის „საპატიო შუახეველის“ დიპლომები გადასცეს გულიკო ანთაძეს, შოთა მაკარაძეს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების შექმნასა და ტურიზმის განვითარებაში შეტანილი საპატიო წვლილისთვის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების მართვის დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე თინათინ ზოიძეს „საპატიო შუახეველის„ წოდება მიანიჭეს, მაგრამ იგი უცხოეთში იმყოფებოდა. მას დიპლომი შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა. „საპატიო შუახეველის“ დიპლომი ერგოთ ასევე ბიზმესმენ ავთანდილ ჯუმუშაძეს. ბატონმა დავით გაბაიძემ, როცა „საპატიო შუახეველის“ დიპლომი გადასცა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ალექსანდრე ჯიბლაძეს, ამ უკანასკნელმა მისასალმებელი სიტყვა ითხოვა.
„ცხოვრებაში მუქთად არაფერი მიმიღია. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. ყველაფერი შეთანხმებისა და საბოლოო ვერდიქტის გარეშე არ ხდება. მადლობა იმ თაობას, რომელმაც წინა საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, თავისი წილი გაიღო შუახევის აღმშენებლობაში. ისინი დადებითად იყვნენ ჩართულნი იმ პროცესებში, რაც ამ რაიონისთვის დამახასიათებელი იყო. მადლობა იმ სამეგობროს, რომელიც როგორც რაიონის ყოფილ ხელმძღვანელს გვერდით მედგა, მადლობა თითოეულ შუახეველს, რომლებიც ეროვნულ ადათ-წესებს პატივს სცემენ. ჯილდოს მიღება მორალური და ზნეობრივი ნორმაც შეიძლება იყოს. თუ არ გეკუთვნის, მასზე უარი უნდა თქვა. თავის დროზე სულმნათმა ივანე ჯავახიშვილმა „შრომის წითელი დროშის ორდენზე“ უარი განაცხადა, მე კი საჯაროდ ვაცხადებ: ეს წოდება ფრიად საპატიო, პატივდებული და საპასუხისმგებლოა ჩემი შთამომავლობისთვის. ეს ერთი ისტორიული გაკვეთილია მათთვის, როგორები უნდა იყვნენ, როგორ უნდა ემსახურონ სამშობლოს და სათაყვანებელ ქართველ ერს. უღრმესი მადლობა ამ აღიარებისთვის“, – თქვა მან.
„საპატიო შუახეველის“ დიპლომი ერგოთ გულო ფუტკარაძე-სეჩენიანს, რევაზ დავითაძეს და ედიშერ ფუტკარაძეს. როგორც როსტომ ლორთქიფანიძემ განაცხადა, სამართალმცოდნე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე ამჟამად იაპონიაშია მივლინებული კიდევ ერთი აღიარების მოსაპოვებლად და მას ეს საპატიო ჯილდო მომავალში საზეიმო ვითარებაში გადაეცემა.
„შუახევობა“ ჩვენი ქვეყნის წამყვანი მომღერლის ვერიკო ტურაშვილის, ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ და „ნიკოლშოუს“ გამოსვლით დასრულდა. კომენტარი ვთხოვეთ ვერიკო ტურაშვილს:
„აჭარის მთიანეთში პირველად არ ვარ, მაგრამ არ მახსენდება, რამდენიმე წლის წინ ამ ულამაზეს კუთხეში რა მიზნით ვიყავი ჩამოსული. დღეს ნანახმა, აუდიტორიის მრავალფეროვნებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ყველას ამ ლამაზი დღისთვის.“
„შუახევობა-2023“ ფოიერვერკებით დასრულდა.
გთავაზობთ მონაწილეთა შთაბეჭდილებებს:
დავით გაბაიძე: – მთას და მთიელებს ყველაფერი უხდებათ. ზეიმი და მასპინძლობაც შესაფერისი იციან. ტოლს არავის დაუდებენ აქაური ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ყველაფერი, ერთად შეკრებილი, ზეიმზე მოიტანეს. ბარაქა, მთიელი ქალის მარჯვენას, მათ შემართებას.
რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: – საინტერესო და შინაარსიანი, სანახაობითი ღონისძიებებით დატვირთული დღის მონაწილენი გავხდით. „საპატიო შუახეველის“ წოდების ნომინანტებს სცენაზე რომ უხმეს, ის დღე გამახსენდა, როდესაც საპატიო წოდების დიპლომი მეც გადმომცეს. შუახევი ჩემი სიყვარულია, თითოეული შუახეველი კი ჩემი მოფერებისა და თანადგომის საფუძველია. მრავალ ასეთ ზეიმს დაგასწროთ უფალმა.
როლანდ ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი: – მრავალი რამ გვაქვს საერთო და მიმზიდველი მეზობელი მუნიციპალიტეტების მკვიდრებს. შუახეველებმა ოქტომბრის მეორე ნახევარი საინტერესო დღესასწაულით დაგვამახსოვრეს. ჩვენც სამზადისში ვართ და სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა – ქედაში“ ნოემბრის პირველ ნახევარში ვიზეიმებთ. ყველას გეპატიჟებით.
თინათინ ზოიძე: – აღფრთოვანებული და მომავალი სიახლეების მოლოდინით ვტოვებ შუახევს და ყველას ვულოცავ ამ ღირსეულ დღეს. ჩვენი ვალია, პირადი წვლილი გავიღოთ იმ აღმშენებლობით საქმეებში, ტურისტული პოტენციალის ათვისებაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.