იაგო მიქელაძეს 47 წელი შეუსრულდებოდა
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობისთვის დაღუპულ გმირ იაგო მიქელაძეს დღეს 47 წელი შეუსრულდებოდა. იგი ოკუპანტებთან ბრძოლაში პირველსავე დღეს ჩაება და მალევე მძიმედ დაიჭრა. 16 დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა, მაგრამ. . .
იაგო მიწას მშობლიურ სოფელ ბუთურაულში მიაბარეს. საზოგადოება, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის გმირობასა და თავდადებას არ ივიწყებენ. ასე იყო მისი დაბადების დღესაც. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა იაგო მიქელაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
– იაგო, მრავალი ქართველის მსგავსად, ოკუპანტებს ომის დაწყებისთანავე ეკვეთა, წინა ხაზზე იბრძოდა. 8 აგვისტოს დაიჭრა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში 24 აგვისტოს გარდაიცვალა. მძიმე და აუტანელია დედისთვის შვილის დაკარგვა, მაგრამ საამაყოცაა, რომ მტერს მტრულად დახვდა, საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობასა და დამოუკიდებლობას შესწირა, – გვითხრა გმირის დედამ.
იაგო მიქელაძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით.