საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე
ნანა აბულაძე 577 20 35 90 –
31 ოქტომბერს ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სოფელ ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, გვყავს 7 უკანონო პატიმარი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი ტახტისძირელი მწყემსია, რომელიც სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, პირველ ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 115-ე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ქართული მხარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გააპროტესტებს და მოითხოვს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას. აღნიშნული მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, რომლის თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები არიან.