კურსდამთავრებულთ სერტიფიკატები გადაეცათ
დარინა გაბაიძე 514 22 22 80 –
ბსუ-ის პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა. პროგრამის პირველ ნაკადში 14 სტუდენტი გადამზადდა.
ღონისძიებას დაესწრნენ ბსუ-ის რექტორი და ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორები, ბსუ-ის აგროსკოლის და აგრარული ექსტენციის ცენტრის ხელმძღვანელები, უშუალოდ პროგრამის განმახორციელებელი ინსტრუქტორები; ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, აჭარის სოფლის მეურნეობის და განათლების სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ორგანიზატორი ,,მომავლის ფერმერი”.
პროგრამა შემუშავდა აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, ფიტოსანიტარიის პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს ,,მომავლის ფერმერი”. პროგრამის პირველი ნაკადი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ დააფინანსა. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული სწავლება რეგიონში კონკრეტულ სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული მავნებელ-დაავადებების, მათ წინააღმდეგ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მეთოდების და ღონისძიებების შესახებ.
პროგრამის მომზადებაში ჩართული იყვნენ განათლების ექსპერტები, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სპეციალისტები აშშ-დან. შრომის ბაზარზე აღნიშნული პროგრამით გადამზადებულ პირთა მიმართ მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბსუ უახლოეს პერიოდში გეგმავს ახალი ნაკადის მიღების გამოცხადებას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ: ,,როგორც მცენარეთა დაცვა, ასევე, სურსათის უვნებლობა ძალიან მნიშნელოვანი გამოწვევაა არამარტო ჩვენი რეგიონისათვის. ამიტომ ამ მიმართულებით სპეციალისტების გადამზადება აუცილებელია. მინდა გამოვხატო განსაკუთრებული მადლიერება ჩვენი აქტიური მხარდამჭერების., ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ასევე, ,,მომავლის ფერმერის”, დასაქმების სააგენტოს მიმართ. ვფიქრობთ, მომავლისათვის მისაღები კონტინგენტი გავზარდოთ ამ ინსტიტუციების დახმარებით, დავამატოთ ისეთი პროგრამები, როგორიც არის იქტიოლოგია და ვეტერინარია.
აგრარული ექსტენციის ცენტრის დირექტორი გიორგი მახარაძე:
– ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროფესიული გადამზადების კურსის არსებობა რეგიონში, ვინაიდან ის პასუხობს ისეთი მნიშვნელობის გამოწვევებს, როგორიცაა: კულტურულ მცენარეთა მავნებელ-დაავადებებისგან დაცვის ეფექტურობის გაზრდა, ბაღის მოვლის ხარჯების შემცირება, გარემოზე პესტიციდების უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.
პირველი ნაკადის გადამზადების შემდეგ, აჭარის რეგიონს უკვე ჰყავს 14 სერტიფიცირებული მცენარეთა დამცველი. დაგეგმილია აქტიურად გაგრძელდეს აგრარული მიმართულების სპეციალისტების გადამზადება მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიმართულებით, რასაც აგრარული ექსტენციის ცენტრი უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემის ინტეგრაცია დაეხმარება ფერმერებს, რომ გაზარდონ მოწეული პროდუქციის ხარისხი, ღირებულება და პროდუქციის ხარისხი ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისობას დაუქვემდებარონ.
ქეთევან გოგუაძე, კურსდამთავრებული:
– დრო მოვიდა ისეთი, რომ დედამიწას ადამიანების დახმარება დასჭირდა, ამიტომ ახალი მიდგომები ძალიან საინტერესო და აუცილებელი დარჩა. ინტეგრირებულ მცენარეთა დაცვაში არსებული სიახლეები დიდი ინტერესით შევისწავლეთ, რათა ეს ცოდნა გამოვიყენოთ ისე, რომ დედამიწას, ბუნებას წაადგეს.

