„შემოდგომა ქედაში”
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –
ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი უკვე რამდენიმე წელია სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში“ მასპინძლობს. წელს მასთან ერთად, „ქედაში ღვინის ფესტივალიც“ აღნიშნეს.
ქედელ მევენახე-მეღვინეებს, გეგელიძეებელ ფრიდონ სირაბიძეს, წონიარისელ გიორგი ტაკიძეს, შევაბურელ ვაჟა აბულაძეს, ორცველ გიორგი აბულაძეს და აბესალომ ნაკაშიძეს, საღორეთელ იაშა და ნოდარ შერვაშიძეებს, „შატო ივერის“ მფლობელ წონიარისელ როსტომ ბერიძეს, გოგიაშვილებელ ავალიანებს, ზენდიდელ მირიან პაპუნიძეს და ძმებ ბეჟანიძეებს, ვარჯანისელ ამირან მახარაძეს, ბალაძეებელ თენგიზ ბალაძეს, მერისელ ზებურ ჯიჯავაძესა და ლომან თურმანიძეს, ოქტომბრელ ნიაზ შერვაშიძეს, ვაიოელ არჩილ გორგილაძეს, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის საწარმოს მეღვინეებს საამაყოდ აქვთ, რომ პირად მეურნეობაში დაკრეფილი ვაზის ბაზაზე მარნები მოაწყვეს. მარტო ქედის საწარმოში 25-ზე მეტი სახის ღვინოს, არაყსა და კონიაკს ამზადებენ, მეტწილად, ცოლიკაურისა და ჩხავერის ჯიშის ყურძნით.
წელს 10 ტონამდე ყურძენი დაკრიფეს გეგელიძეებელმა მანანა ბოლქვაძემ და ფრიდონ სირაბიძემ. ფრიდონმა ხუთი წლის წინ რაჭიდან ალექსანდროულისა და მუჯირეთულის ჯიშის ნერგები საცდელად შემოიტანა. წელს უკვე ამ ჯიშების ღვინოც დააყენა. დანდალოელ (გოგიაშვილებელ) ავალიანებს ფესტივალზე ჩხავერის, ცოლიკაურის, რქაწითელის, საფერავის, მუსკატის, ხიხვისა და ქისის ნაჟური ჰქონდათ მოტანილი. 30-ზე მეტი მევენახე და მეღვინე იყო ფესტივალზე წარმოდგენილი. მათ ნახელავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ზეიმზე ჩამოსული სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებდნენ, რამდენიმე მათგანმა შეძენაც გადაწყვიტა.
ზეიმს სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები ამშვენებს. წამყვანებმა ლალა ფაღავამ და დავით მოისწრაფიშვილმა სცენაზე პირველად, ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ „ჰელესას“ წევრებს უხმეს, რომლებმაც „მრავალჟამიერი“ შეასრულეს. მოზეიმეთა წინაშე წარსდგნენ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბეთლემი“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „იაგუნდი“, ტრიო „გოგლაურა“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჩანგი“, მერისის, ცხმორისის კულტურის სახლებთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „მოყვარე“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბენდი, გოგონათა ხალხურ საკრავთა ანსამბლი „იასამანი“, დოლოგნის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები, ინდივიდუალური შემსრულებლები ნინო გორგაძე, ზაალ დევაძე, რომეო ლუტიძე და სხვები.
– ქედა და ქედელები წლევანდელ ზეიმს მრავალი სიახლით ვხვდებით. წინა დღესასწაულებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა რეპერტუარი. თითოეული ადამიანი ჩართულია ზეიმსა და ღვინის ფესტივალში, რასაც პარკში მოწყობილი კუთხეებიც ადასტურებს. სოფლის ნობათთან ერთად, აქ წარმოდგენილია ხალხურ საკრავთა, ხეზე კვეთის ოსტატთა, ქარგვა-კერვის ხელოსანთა ნიმუშები. საზეიმო ნამდვილად გვაქვს. ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით წარმატებით სრულდება პროგრამები და პრიორიტეტები, წელსაც ჩვენს სოფლებს რამდენიმე ტურისტული ობიექტი შეემატა, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ.
ზეიმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პარლამენტარები ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხობის, წყალტუბოს, ხონის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები შეუერთდნენ.
ფესტივალის მონაწილეებს თორნიკე რიჟვაძე მიესალმა.
„ძვირფასო ქედელებო, მსურს მოგილოცოთ დღევანდელი ზეიმი. მივესალმები სტუმრებს, სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მეუფეს სპირიდონს. „შემოდგომა ქედაში“ სიყვარულის, ერთმანეთის მოფერების ზეიმია, რომელიც ყოველ წელს მეტ დატვირთვას იძენს. აქ კარგად ჩანს ქედელი კაცის შრომისმოყვარეობა, ეროვნული ადათ-წესები, ვაზის და ღვინის კულტურისადმი პატივისცემა. თითოეულ ქედელს, მათ შვილებს, მომავალ თაობებს ვულოცავ ზეიმს. სასიხარულოა, რომ აღმშენებლობა, მშვიდობაა დასადგურებული მუნიციპალიტეტის სოფლებსა და უბნებში. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად ახალი წამოწყებების, საქმეების გასაკეთებლად ვიღვწით. მცდელობას არ ვაკლებთ, რომ აჭარა იყოს წარმატებული რეგიონი, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ზეიმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია „საპატიო ქედელების“ არჩევა და მათთვის დიპლომების გადაცემა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „საპატიო ქედელის“ დიპლომი ხუსეინ სირაბიძეს გადასცა.
ქედელებსა და მათ საპატიო სტუმრებს ზეიმი მიულოცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, რომელმაც „საპატიო ქედელის“ დიპლომი გადასცა აკაკი დუმბაძეს.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მაჟორიტარი პარლამენტარი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე. მათ „საპატიო ქედელის“ დიპლომები გადასცეს ნაზი სურმანიძეს, სიმონ შარაძეს, გურამ პაპუნიძეს, უშანგი მგელაძესა და ნოდარ გორგილაძეს, რომელიც ჯანმრთელის მდგომარეობს გამო, ზეიმს ვერ დაესწრო. შეკრებილთ მიესალმა მეუფე სპირიდონი.
– წლებია, თბილისში ვცხოვრობ. 80 წელი უკან მოვიტოვე. „საპატიო ქედელად“ არჩევა ჩემთვის დიდი პატივია. ახლა დავრწმუნდი, რომ ქედელებთან 50-წლიანი განშორების მიუხედავად, აქაურებს ვახსოვარ და დედაქალაქში მეცნიერულ სარბიელზე მოღვაწეობას უკვალოდ არ ჩაუვლია, – გვითხრა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა სამშენებლო მექანიკაში, სრულმა პროფესორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა აკაკი დუმბაძემ, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის მერ როლანდ ბერიძეს მისი ავტორობით გამოცემული წიგნები უსახსოვრა. ღვინის ფესტივალის 30-მდე მონაწილეს ღონისძიების ორგანიზატორებმა – ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ და ტურიზმის განვითარების სააგენტომ საპატიო სიგელები გადასცეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის წევრებთან და სტუმრებთან ერთად მოინახულა სპორტული მოედანი, საბავშვო ატრაქციონები.
ფრიდონ ხალვაშის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიებები საღამომდე გაგრძელდა და ფოიერვერკით დასრულდა.
ზეიმის რამდენიმე მონაწილეს გავესაუბრეთ.
ანზორ ბოლქვაძე – ქედაში მრავალი მეგობარი მყავს. მაშინ, როცა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ხულოელთა რჩეული ვიყავი, მე და ქედელმა პარლამენტარმა იაშა შერვაშიძემ ერთად ვიმუშავეთ „მთის კანონზე“, რომელიც ახლა მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მთაში მცხოვრებთა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში. წლებია, ამ ზეიმს ვესწრები. დასკვნა ერთია: უყვარს ქედელ კაცს შრომა, იცავს და პატივს სცემს იმ ადათ-წესებს, თაობებმა რომ შემოინახეს.
დავით გაბაიძე – ქედა მთიანი აჭარის ფორპოსტია. უცხოელი და ადგილობრივი სტუმარი აქ შემოსვლისთანავე იმ სითბოს და სიყვარულს იგრძნობს, რაც აქაური კაცის სულსა და გონებაშია დავანებული. ზეიმის მთავარი ნაწილი „საპატიო ქედელების“ არჩევა იყო. მეც მერგო პატივი, ღირსეული პიროვნებისთვის დიპლომი გადამეცა. ასეთი ღონისძიებები ალამაზებს ადამიანების ცხოვრებას.
გენადი ბალანჩივაძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი: – მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქედის მუნიციპალიტეტში. ზეიმზე იმისთვის მოვედი, რომ გავაძლიერო ის მეგობრობა, რომელიც ჩემსა და როლანდ ბერიძეს შორისაა. მე ვთხოვ ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელს, მოვიდეს აჭარის მთიანეთში, ნახოს ის საზეიმო სულისკვეთება, შრომითი პათოსი, რომელიც ქედაშია. განსაკუთრებული დღის მომსწრე გავხდი.
აჭარის მთიანეთში ბავშვობისას ვიყავი. მაშინ მიღებული შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. ახლაც ემოციებით დატვირთული ვტოვებ ამ რეგიონს. მადლობა ყველას.

