ჩვენი კარატისტების ტრიუმფი – ჰოლანდიაში
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
იშვიათად ხდება, როცა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ერთდროულად სამჯერ გაისმის საქართველოს ჰიმნი და სამივეჯერ უმაღლეს კვარცხლბეკზე აჭარის წარმომადგენლები ადიან. საქართველოსა და აჭარის კონტაქტური კარატეს ნაკრებების წევრებმა ეს შეძლეს. ჰოლანდიის ქალაქ არნემში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კიოკუშინკაი კარატეში უმაღლესი სინჯის მედლები დაისაკუთრეს – დავით მსხალაძემ (90 კილოგრამამდე, ახალგაზრდებში 21-წლამდელებს შორის), მინდია მგელაძემ (70 კილოგრამამდე წონითი კატეგორიაში, ასევე 21-წლამდელებს შორის) და დათა ფუტკარაძემ, რომელმაც დიდებში გაიმარჯვა (70 კგ წონითი კატეგორია). მათ თან ახლდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცინცაძე, რომელსაც ჰოლანდიაში მივულოცეთ ეს დიდი წარმატება.
– გახარებულები ვართ, შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ – ერთ დღეს ახალგაზრდებში ორი გახდა მსოფლიო ჩემპიონი, შემდეგ მათ მესამე შეემატა – დიდებში. სამივე სპორტსმენი დიდებში კარგა ხანია ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულად, როცა თავიანთ ასაკობრივ კატეგორიასა და წონაში იასპარეზეს, მაღალმა შედეგმაც არ დააყოვნა. მინდია მგელაძე გასული წლის ევროპის ორგზის ჩემპიონია უფროსებში. რაც შეეხება დავითს, ერთ-ერთი ფავორიტი იყო თავის წონაში. ის ახლა გახდა 20 წლის. 16 წლიდან გამოდის უფროს ასაკში და მედალს იღებს საერთაშორისო დონის ასპარეზობებზე. ეს იშვიათი შემთხვევაა. ასეთი შედეგებისთვის ის ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატზეე 16 საუკეთესოთა შორის დაასახელეს. დავითმა ახლაც შესანიშნავი ბრძოლები ჩაატარა, მან მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს დამაჯერებლად მოუგო და მასთან ადრე წაგებული ბრძოლისთვის რევანში აიღო, გადამწყვეტ ბრძოლაში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. უფროსებში გამოვიდა დათა ფუტკარაძე. მის წონაში სამი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ასპარეზობდა. დათამ ნახევარფინალსა და ფინალში ორი სპორტსმენის – ინგლისელის და ჰოლანდიელის დამარცხება შეძლო, გვითხრა ლევან ცინცაძემ.
ჩვენი ჩემპიონები და მათი მწვრთნელი ხვალ დაბრუნდებიან საქართველოში და 23 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ ვარჯიშს.